მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია - კვლევა

6324379f08b95
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 12:40
2806
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხული ნაწილის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს - აღნიშნულის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 38% თვლის, რომ საშუალოა, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.

საქართველოს ეკონომიკური ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისას, კითხვაზე - 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, 45% აფიქსირებს, რომ დღეს უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. აღსანიშნია, რომ გასული წლის ივლისში ჩატარებული კვლევისას ეს მაჩვენებელი 43% იყო.

იგივე ფინანსურ შესაძლებლობებზე მოსახლეობის 34% საუბრობს, ხოლო მეტი ფინანსური რესურსი მხოლოდ 20%-ს აქვს. კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა ვერ დააფიქსირა.

კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა.

კვლევის გამოქვეყნებამდე, 5 სექტემბერს გამართული მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი გააცნო და თქვა, რომ მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა. ღარიბაშვილი მაჩვენებლებით ამაყობს. 

„წინა კვირას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 10.3% შეადგინა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ უკრაინის ფონზე ძალიან დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია მთელ მსოფლიოზე. ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას ახერხებს, რაც მისასალმებელია.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფულადი გზავნილები 46.8%-ით გაიზარდა და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ბიზნეს სექტორის ბრუნვა იანვარ-ივნისში 25% გაიზარდა. ასევე გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა როგორც პირველ ასევე მეორე კვარტალში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები