PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას თქმით, ადგილობრივების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის მხრივ მოთხოვნა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა 2020 წელს არსებულ მოთხოვნასთან შედარებით გარკვეული ძვრები არის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ტურისტული კომპანიის დატვირთულობასა და იმ მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა, სადაც ქართველები მოგზაურობას უპირატესობას ანიჭებენ.
“ტუროპერატორების და ტურისტული სააგენტოების სრულფასოვნად მუშაობისთვის მოგზაურობაზე მოთხოვნა არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა გასულ წელთან 2020 თან შედარებით ძვრები მაინც არის”, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.
მისი თქმით, ძირითადად მხოლოდ ის მიმართულებებია აქტუალური, სადაც ტურისტებს პისიარ ტესტის საფუძველზე იღებენ.
“ეს მიმართულებებია თურქეთი, დუბაი, ეგვიპტე, მალდივები, მონტენეგრო, ხორვატია, კვიპროსი, ბრაზილია, ზანზიბარი, სეიშელის კუნძულები… ბუნებრივია ბიუჯეტიდან გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლით ქვეყნებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც თურქეთია. სეზონის მანძილზე ხელმისაწვდომია პირდაპირი ჩარტერული რეისები ანტალიის რეგიონში. თუმცა არასტაბილური მდგომარეობის გამო საფრენოსნო პროგრამაში ცვლილების შეტანა ბევრჯერ მოგვიწია, ანუ რეისების შეცვლა, გადატანა, გაუქმება, რამაც ჩვენს პარტნიორებს და მომხმარებლებს დისკომფორტი შეუქმნა”, - განმარტავს სალომე ბერაია.
PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ გაუარესებული ეპიდ-ვითარების გამო, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ამბობს, რომ შესაბამისი ეპიდვითარების შემთხვევაში რეისები ეგვიპტის და დუბაის მიმართულებით შესრულდება.