მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარე რეკლამების განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება - კახა კალაძე ბიზნესს მიმართავს

609cda0a68c5d
ინგა მურუსიძე
13.05.21 11:56
556

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც დედაქალაქის მერიისთვის მოგებიანი და ხელსაყრელი იქნება.

"2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მან 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება მოიპოვა. წელს, აღნიშნულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს მიმართა, პროცესში ჩაერთონ და მუნიციპალიტეტს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.

„მინდა, დაინტერესებულ ბიზნესსექტორს, კომპანიებს მოვუწოდო, ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. უშუალოდ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება.

ინფორმაციისთვის: უკვე წლებია გარე რეკლამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე სარეკლამო სფეროში ჩართული კომპანიები საუბრობენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ გარე სარეკლამო ბაზარზე შესვლა შეუძლებელია, რადგან 2009 წლიდან ექსკლუზიური ნებართვით კომპანია OUTDOOR.GE სარგებლობს. 12 წლის წინ გაცემული ნებართვა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გარე რეკლამის განთავსებას გულისხმობდა. შესაბამისად, ახალი აუციონის გამოცხადებაც სწორედ ამ ნაწილში მოხდება.

აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულების ვადა ეწურება, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ხელშეკრულებაც, რომელიც უკვე კახა კალაძის მერობის პერიოდში, 2019 წელს გამოცხადებული აუციონის შედეგად გაფორმდა. აქ გამარჯვებული კომპანია "ალმაა", რომელსაც მეტროსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამების განთავსების 20-წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, კომპანია "ალმა" OUTDOOR.GE-თან დაკავშირებული კომპანიაა. ბიზნესრეესტრის ინფორმაციით, OUTDOOR.GE-ის 10%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯეოტეკია", რომლის 100%-ს, თავის მხრივ, კომპანია "ალმა" ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები