მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს იტალიას გვალვამ €6 მილიარდის ზარალი მოუტანა - რა მოლოდინებია 2023-ში?

644bdd7a4e085
სალომე ხიდურელი
01.05.23 23:00
543
წვიმებისა და ალპებზე თოვლიანობის სიმცირის გამო იტალია ზედიზედ მეორე წელია ძლიერი გვალვის პრობლემის წინაშე დგას. მდინარეებსა და ტბებში წყლის დაბალი დონე იტალიის აგროკულტურისა და მეწარმეობასაც უქმნის საფრთხეს.

გვალვის მძიმე შედეგებზე მეცნიერები ეროვნული კვლევის საბჭოდან უკვე საუბრობენ. მათი თქმით, იტალიის დიდ ტბებში წყლის დონე გასული წლის საშუალო მაჩვენებელს შესამჩნევად ჩამოუვარდება. იტალიის უდიდეს ტბა გარდაში წყალს მოცულობა რეკორდულ მინიმუმს მიუახლოვდა და 38% შეადგინა. მდინარე პოში კი წყლის ნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით დაბალია.

2022 წელი იტალიისთვის ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მშრალი წელი იყო. უწყლობამ და გვალვამ ქვეყნის მოსავლის განადგურებაც გამოიწვია. იტალიის ფერმერთა ასოციაციის შეფასებით, გასულ წელს სექტორის ზარალმა €6 მილიარდი შეადგინა და 300 ათასამდე ბიზნესის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პრობლემა შეექმნათ კომპანიებს, რომლებიც ნავებითა და წყლის სხვა ტრანსპორტით ოპერირებდნენ, რადგან დამშრალ ტბებში ნავიგაცია თითქმის შეუძლებელია.

ხანგრძლივმა უნალექობამ იტალიის ნაწილს პრობლემა 2023 წელს უკვე შეუქმნა. ლომბარდიისა და პიემონტის რეგიონების 19 ქალაქში წყლის დეფიციტია, მათი ნაწილი დასალევ წყალს სხვა რეგიონებიდან სპეციალური მანქანების საშუალებით იღებს.

ალპებზე თოვლის საფარი 75%-ით ჩამოუვარდება ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სეზონურ საშუალო მაჩვენებელს. იტალიის პროვინციებში ალპურ ტბებში, ჩვეულებრივ, 100 მილიონი ლიტრი წყალი გროვდება, თუმცა აპრილის მონაცემებით, ეს რიცხვი 42 მილიონ ლიტრს არ აღემატება.

უჩვეულოდ მშრალი ამინდი დროთა განმავლობაში უფრო გახშირდება. ნავარაუდებია, რომ კლიმატის ცვლილება პოს მდინარის ხეობაში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება და ექსტრემალური გვალვა მომავალი წლების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დარჩება.

იტალიის მთავრობა და ფერმერთა ასოციაცია უკვე ამზადებს ინვესტიციას წყლის შენარჩუნების გეგმაში ჩასადებად, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები პრობლემის წინააღმდეგ საკმარისი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები