მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64451c0b28305
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.23 15:48
645
გთავაზობთ გასული კვირის 18-23 აპრილის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს


1) I კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 783 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.

2023 წლის პირველ კვარტალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 411.8 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 28.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 205.7 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.1%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 81.8 მლნ დოლარით (5.6%) ფეროშენადნობებია.

უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

2) მთავრობა ქალაქების და კურორტების განვითარების 200-მილიონიან პროგრამას აანონსებს

11 მუნიციპალიტეტისა და კურორტის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკვე ცნობილია მათი ჩამონათვალი და ესენია: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

„ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ 5-წლიან პროგრამას, ბიუჯეტიდან გამოიყოფა ერთი მილიარდი ლარი. ამ მიზნით უკვე გამოყოფილი გვაქვს 200 მლნ ლარი, შერჩეულია 11 ლოკაცია: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს მალე დავიწყებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

3) ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი EU-ს გზაზე პროგრესისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მათთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებენ. ოლივერ ვარჰეის 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ მარტში მიმართა და სთხოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო ყოფილიყო. ღია წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური დასკვნის საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია. ორგანიზაციებისთვის გამოგზავნილ წერილში ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. მისივე თქმით, ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და მადლობას უხდის სამოქალაქო საზოგადოებას ამ პროცესში ჩართულობისთვის. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4) კრიზისი ფეროშენადნობების სექტორში

ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების 80%-მა მუშაობა შეაჩერა, სამსახურის გარეშე კი 2000-მდე ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ BM.GE-ის ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა. როგორც კევლიაშვილი ამბობს, ევროპაში ენერგომატარებლების დეფიციტმა მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია შესაბამისად, გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც მასზე ფასი განახევრდა. მისივე თქმით, მსგავსი გრძელვადიანი კრიზისი დარგს არ ახსოვს.

სირთულეებზე საუბრობს უმსხვილეს მწარმოებელ ჯორჯიან მანგანეზშიც. „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ თუ ფასების დღევანდელი დონე შენარჩუნდება რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად მოუწევთ.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ არის. ის ფასი რამდენადაც საექსპორტო ბაზრებზე სილიკონ-მანგანუმს ვყიდდით ფაქტობრივად განახევრებულია. მაგალითად აშშ-ის ბაზარი რომ ავიღოთ, სარეალიზაციო ფასებმა 2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოს, 1 ტონა პროდუქციაზე, 2500- 2700 დოლარს მიაღწია და დღეს 1300-1400 დოლარზეა ჩამოსული,”- განაცხადა ტატიშვილმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

5) საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი აქციონერებზე დივიდენდების გასაცემად ემზადებიან

TBC PLC-იმ, რომელიც ქართული თიბისი ბანკის მფლობელია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2022 წლის სრული წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს თან ახლავს ინფორმაცია დივიდენდების განაწილების შესახებაც. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის მიერ გაცემული 2022 წლის მთლიანი დივიდენდი ერთ აქციაზე 5.45 ლარი იქნება, აქედან 2.5 ლარი შუალედური დივიდენდის სახით, 2022 წლის 14 ოქტომბერს ბანკმა აქციონერებზე უკვე გასცა. საბოლოო დივიდენდის მოცულობა კი ერთ აქციაზე 2.95 ლარი იქნება და მისი გადახდა 2023 წლის 14 ივნისს არის დაგეგმილი.

დივიდენდების გასაცემად ემზადება საქართველოს ბანკიც. წლიური შედეგების გათვალისწინებით, ბანკის დირექტორთა საბჭო აქციონერებს სთავაზობს მხარი დაუჭირონ 2022 წლისთვის საბოლოო დივიდენდის სახით თითო აქციაზე 5.80 ლარის გაცემას (ექვივალენტს ფუნტ სტერლინგში). თუკი აქციონერები მხარს დაუჭერენ ამ შეთავაზებას 19 მაისის აქციონერთა კრებაზე, ბანკის ჯგუფი დივიდენდს 14 ივლისს გასცემს.

6) აუდიტორული სექტორის რეიტინგი

2022 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და მან 49.9 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა PWC, რომლის შემოსავალიც 11.2 მილიონი ლარი იყო, მეორე ადგილზეა EY 10.8 მილიონი ლარით, მესამეზე კი KPMG 8 მილიონი ლარით.

უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

7) თბილისში ინოვაციური "ჰოტელ ჰაბი", "ცენტრალ პარკ თაუერსი" აშენდება - ინვესტიცია $300 მილიონია

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ინოვაციური "ჰოტელ ჰაბი" - "ცენტრალ პარკ თაუერსი" აშენდება. ამას ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც “ორბი ჯგუფს”, “ბლოკ ჯორჯიასა” და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ - “რედისონ ბლუს” შორის გაფორმდა.

კომპანიების პარტნიორობის ფარგლებში "ცენტრალ პარკ თაუერსი", 1500-ნომრიანი 25-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას “რედისონ ბლუ” განახორციელებს. პროექტის მშენებლობა 12 თვეა აქტიურად მიმდინარეობს და დღემდე უკვე 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. "ცენტრალ პარკ თაუერსის" ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

8) თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილიდან, წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება. ბენდელიანი ამბობს, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. ბენდელიანის თქმით, თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს, რომ ე.წ. დიდუბის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულოს. კალაძის მოადგილე ამბობს, რომ ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 400 000 ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში კი არის დაახლოებით, 4 200 000 ლარი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

9) კომპანია Girteka საქართველოში 1 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (FDI გრანტის) ბენეფიციარი გახდა. „გირტეკა“ აღნიშნული პროგრამის რიგით მეორე ბენეფიციარია.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 000 000 ევროს ინვესტიცია განახორციელებს. კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

10) ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის ტელეკომპანია ფორმულაში საკუთარი წილის ნახევარს დათმობს

ტელეკომპანია "ფორმულას" ძირითადმა აქციონერმა ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიაში მის საკონტროლო 51%-იანი წილის ნახევარს ტელევიზიის გუნდს გადასცემს. ამასთან დაკავშირებით, დღესვე ბრიფინგი გამართა ტელევიზიის დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარია 25%-იან წილზე, რომელიც საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს გადაეცემათ. გამართულ ბრიფინგზე გუმბარიძემ თქვა, რომ მათი ზუსტი სია ჯერ უცნობია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები