მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

647300247e3d4
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.23 11:20
1942
გთავაზობთ გასული კვირის (22-28 მაისის) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს. 

1) სინგაპურმა Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა. Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ექს-პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

2) ქართული ბანკების მოგება 47%-ით, 768 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 4 თვის ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. ფინანსური მონაცემების მიხედვით, სექტორმა პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებისგან 2.65 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. უფრო მაღალი ტემპით - 47%-ით გაიზარდა ბანკების მოგება, რამაც იანვარ-აპრილში 768 მილიონი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად მოგების მიზეზების შესახებ წაიკითხეთ

3) ეროვნულმა ბანკმა წელს ბაზრიდან 783 მილიონი დოლარი შეისყიდა

აპრილის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან $322 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2023 წლის 4 თვის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციების მოცულობა 782.9 მილიონი დოლარი იყო. ინტერვენციების შედეგად, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომამ 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გააქტიურებულ ინტერვენციებზე განმარტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება IMF-ის მეთოდოლოგიით რეკომენდებულ ზომას, ამიტომ სებ-ი შესყიდვების პოლიტიკას კიდევ გააგრძელებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4) ლარის გაცვლითმა კურსმა კორექტირება დაიწყო - TBC Capital

“თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ისაუბრა. ოთარ ნადარაიას განმარტებით, თუკი წარსულში სავალუტო ბაზარზე შეინიშნებოდა უცხოური ვალუტის დეპოზიტების გალარების ტენდენცია, ბოლო ორი კვირაა ეს მიმართულება შეიცვალა და ამჟამად ბაზარზე უფრო მეტად ლარის დეპოზიტების სავალუტო კონვერტირება ხდება. ოთარ ნადარაიას განცხადებით, ამჟამად ლარის გაცვლითი კურსის კორექციის პროცესი მიმდინარეობს. 7-8 მაისის პერიოდში ერთი დოლარის ღირებულება 2.48 ლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამად დოლარის საბაზრო ღირებულება 2.58 ლარზეა. “ამჟამად ლარმა დაიწყო კორექციის პროცესი”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


5) მერია ახალი ტენდერის ფარგლებში მეტროს 44-ის ნაცვლად 212 ვაგონის შესყიდვას გეგმავს

რუსულ „მეტროვაგონმაშთან“ მეტროს ვაგონების მოწოდებაზე დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, ინფორმაცია თბილისის მერიამ მიმდინარე კვირაში გაავრცელა. BMG-სთან საუბარში თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ახალი შესყიდვის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს განახლებულ სატენდერო პირობებზე მუშაობა, იმისთვის, რომ დროულად გაფორმდეს მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდებაზე შესყიდვა. მისი განმარტებით, ამჯერად თბილისის მერია 44 ვაგონის ნაცვლად 212 ვაგონს შეისყიდის, შესაბამისად, ვაგონების მოწოდების ვადები დაკორექტირდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


6) ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიში - მთავრობამ 5.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის პირველი ოთხი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ 5.5 მილიარდი ლარის მოცულობის გადასახადები აკრიფა. ეს ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 71%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასეთია: • დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.07 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 67%; • საშემოსავლო გადასახადი - 1.87 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 75%; • მოგების გადასახადი - 772 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 71%; • აქციზის გადასახადი - 585 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 73%. რაც შეეხება პრივატიზაციას, 4 თვის განმავლობაში ბიუჯეტმა 29.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 6 თვის გეგმის 35% იყო.

7) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ალექსი ახვლედიანი უხელმძღვანელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა, რომელიც სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. უწყების ცნობით, ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. რაც შეეხება გამოცდილებას, ის სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც. უფრო ვრლაც წაიკითხეთ.


8) Rooms Hotels-ი ობლიგაციებს გამოუშვებს - კომპანიის ახალი მენეჯმენტის გეგმები

"აჭარა ჯგუფი ჰოლდინგმა“ ახალი კომპანია „რუმს ჰოტელი“ დაარეგისტრირა, რომლის ძირითადი საქმიანობას ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს. ახალი კომპანია, რომლის 100%-იანი წილი მმართველი „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგია“ სამეწარმეო რეესტრში მიმდინარე წლის 1 მაისს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი ვალერი ჩეხერიაა, მმართველი დირექტორის პოზიციაზე კი ლევან ბერულავა დაინიშნა. ჰოლდინგსა და ახალ კომპანიაში არსებულ სიახლეებზე ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ BMGtv-ის გადაცემა „ბარში“ ისაუბრეს. მათი განცხადებით, კომპანია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვისაც ემზადება, რისთვისაც საბროკერო კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


9) ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანა მდიდრდება... ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც

„ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა. რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. per capita ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, 2020 წელს. აქ არის ბატონი ფინანსთა მინისტრი და დამეთანხმება. ანუ, 2-3 წელიწადში გამოდის თითქმის 30 მილიარდ ლარიანი ზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც, არის სტაბილური და ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის ჩვენი ქვეყნის რეზერვები. ყოველ თვე ეროვნული ბანკი ყიდულობს ალბათ 200-300 მილიონ დოლარს დაახლოებით. 5 მილიარდს გადააჭარბა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა რეზერვებმა. ანუ, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, 220 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ბოლო ორ წელიწადში. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე მეგობრებო“, - განაცხადა პრემიერმა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


10) „არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ხელისუფლებამ ოკუპაციის კანონი და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების არ გაითვალისწინონ, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნით პროტესტი და პარტნიორებთან უთანხმოება გამოიწვიოს. ამის შესახებ მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. მისი შეფასებით, ქართველი ხალხი შეურაცხყოფილია იმით, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში, ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური წრის წარმომადგენლები შემოდიან და ხელისუფლება ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს.

„ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი შეურაცხმყოფელია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, მუდმივად სტაბილურობას უნდა იცავდეს, სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება არ დაუშვას ისეთი სიტუაციების წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია; ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები