მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

6469d7c842bad
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.23 13:31
809
გთავაზობთ გასული კვირის (15-21 მაისის) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1) რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგა

19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimut-ის ხომალდი დაეშვა, 20 მაისიდან კი მოსკოვის მიმართულებით ფრენები ქართულმა ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისმა დაიწყო. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


2) სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი საქართველოში იმყოფებოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა მის ქმართან, ალექსანდრე ვინოკუროვთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ისინი ვინოკუროვის ძმის ქორწილს დაესწრნენ. ეკატერინა ვინოკუროვა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის მიერ არის სანქცირებული.

საქართველოს პრეზიდენტი შსს-ს მოუწოდებს იხელმძღვანელოს სანქციების საერთაშორისო სიით. „რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


3) სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა საქართველო-რუსეთს შორის აღდგენილი ფრენების შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვითარების მონიტორინგს გააგრძელებს და დამატებითი ნაბიჯები საჭიროების მიხედვით გადაიდგმება. "თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება, ეს შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის ფედერაციას და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების დრო არ არის,”- განაცხადა პატელმა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


4) რუსეთთან ფრენები შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით - EU

ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას კიდევ გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითვის საპასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა წინააღმდეგობაშია საქართველოს ევროპულ გზასთან. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


5) საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 51%-ით გაზარდა

რუსეთის ფედერაცია საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა და თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი 54%-ით, 622 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მატებამ 45% შეადგინა და მან 226 მილიონ დოლარს მიაღწია. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ღვინოებია, რომლის ექსპორტმაც წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთთან საექსპორტო და საიმპორტო საქონლის სია უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


6) საქართველოდან ავტოექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 595 მილიონი დოლარის ღირებულების 33 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების შესყიდვის რუსეთის ალტერნატიული მომწოდებლებისგან (მათ შორის საქართველოდან დაიწყეს). თუკი ექსპორტის ზრდა ამ ტემპით შენარჩუნდება, მაშინ წელს საქართველოს ავტოექსპორტი რეკორდულ 1.6-1.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. უფრო დეტალურად თუ რა ქვეყნები ყიდულობენ საქართველოდან ავტომობილებს იხილეთ ბმულზე.


7) თბილისს 160 ახალი ავტობუსი ექნება, 259-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

თბილისს 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსი ექნება - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 მაისს გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება, მათ შორის უშუალოდ შესყიდვის ზღვრული ფასი 1,529,275 ლარია, რაც ჯამში 244,684,000 ლარს შეადგენს. ახალი ავტობუსი ევრო 6-ის სტანდარტის უნდა იყოს, ამასთან მისი გამოშვების წელი აუცილებლად 2023 უნდა იყოს. 18-მეტრიან ავტობუსს ოთხი კარი უნდა ჰქონდეს, აქედან ორი კარი წინა, ხოლო ორი უკანა (გადაბმულ) სეგმენტში. უფრო ვრცლად სატენდერო პირობების შესახებ წაიკითხეთ.


8) ჯორჯიან მანგანეზს ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში - “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი, რაც 2017 წლიდან იყო ძალაში, კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა. შესაბამისი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამასთან, შეიცვალა კომპანიის სპეციალური მმართველი. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამ პოსტზე ბესიკ კირთაძემ ჩაანაცვლა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


9) განგრძობს თუ არა Bitfury საქართველოში საქმიანობას

შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობს, გაიყიდა. თიზ-ი 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო. თიზ-ის დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ი იყო, რომელიც ადგილზე კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობს. თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანია „ზოტი ჰოლდინგმა“ იყიდა. როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თიზ-ის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, კომპანია გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ გარიგების გამო დააფუძნეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


10) ტერაბანკმა FMO-სგან 45 მილიონიანი დაფინანსება მიიღო

"ტერაბანკმა" ნიდერლანდების განვითარების ბანკთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. მიღებული დაფინანსება "ტერაბანკის" პრიორიტეტული სეგმენტების - მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები