მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავრცელდება თუ არა სადაზღვევო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმა ვადაზე ადრე?

5db313e62b1e7
ლიკა გურაბანიძე
26.10.19 10:11
1002
„ეს არ არის მოუგვარებელი და გადაუჭრელი თემა,“ - ამის შესახებ „ანალიტიკას“ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ნინა კობახიძემ სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის დროზე ადრე გადმოწევაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ინდუსტრიამ მისგან მოისმინა, რომ 2019 და 2020 წლიდან მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა ვერ განხორციელდება.

"ეს დიალოგი ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის დროს დაიწყო. შემდეგ ბახტაძესთან გაგრძელდა და ეკონომიკის ბოლო მინისტრმა გიორგი ქობულიამ პრაქტიკულად დაპირებაც გასცა, რომ ეს ასე იქნებოდა, თუმცა მას პარალელურად მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი მიჰყვა, რომელიც პარლამენტში შევიდა და რომლის განხილვაც დაიწო სწორედ ამავე პერიდოში დაახლოებით 7-8 თვის წინ. თუმცა მიმდინარე ცვლილებებმა მათ შორის, ეკონომიკის უწყებაში და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ეს თემა დროებით ბუნდოვანი გახადა.

ყველა სადაზღვევო კომპანიას უკან ინვესტორები გვყავს და კაპიტალის ზრდასთან ერთად აქციონერებთან ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლები ვართ, ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა - გავრცელდება თუ არა სადაზღვევო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა ვადაზე ადრე? პრემიერ-მინისტრის პასუხი მასთან შეხვედრისას იყო, რომ ამ ეტაპზე თარიღს გადმოწევას ვერ დავგეგმავთ და რომ 2019 და 2020 წლიდან საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა ვერ განხორციელდება. თუმცა, ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის პრობლემა არ არის. 2020 წლის ბოლომდე კაპიტალის ზრდის ვალდებულებაც არ გვაქვს და შესაბამისად დავიგეგმებით. ეს არ არის მოუგვარებელი და გადაუჭრელი თემა.


კობახიძის განმარტებითვე, დღეს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრია ისეთი განვითარებული არ არის, როგორც სხვა საფინანსო სექტორი.

„თუ გვინდა, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს, უნდა განვითარდეს ფინანსური სექტორები და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი სექტორი სადაზღვევო ინდუსტრია გახლავთ. ჩვენ იდუსტრიას ციკლური განვითარების ჯაჭვი აქვს და ეს კავშირში იყო მესამე პირთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან. ეს პირდაპირ კავშირში იყო ჩვენი მხრიდან სადაზღვევო ზედამხედველობის დაფინანსებასთან, ხოლო ეს კავშირში არის ზოგადად ქვეყანაში სავალდებულო ხასიათის სადაზღვეო პროგრამების განვითარებასთან, რათა უფრო მაღალი კაპიტალის მქონე მყარი და ძლიერი სადაზღვევო კომპანიები მივიღოთ. ასევე ჩვენი ფინანსური სექტორი სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო კომპანიების გაკოტრებისგან დავიცვათ და ამით მოსახლეობა უფრო მეტად დავიცვათ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის რეფორმის სექტორზე გავრცელებას ითხოვდა. სექტორი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი მთავრობა წერს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის საფინანსო სექტორზე გავრცელებას 2023 წლამდე არ გეგმავს, რადგან ამით თავიდან უნდა აიცილოს მშპ-ს დაახლოებით ნახევარი პროცენტის დანაკარგი, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდს სურს სადაზღვევო სექტორზე უფრო ადრე გაავრცელოს დივიდენდის განაწილების ახალი მოდელი, რაც მათ ანგარიშში მაისში უკვე ამოვიკითხეთ. რაც შეეხება ივნისის განახლებულ დოკუმენტს, იქ ვკითხულობთ, რომ მთავრობა მოგების გადასახადის რეფორმის საფინანსო სექტორზე გავრცელებას 2025 წლამდე არ გეგმავს, თუმცა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის გზით გადაწყვეტს გაავრცელოს თუ არა სადაზღვევო სექტორზე ეს რეფორმა უფრო ადრე. ხოლო თუ ეს ასე მოხდება მაშინ მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს წინადადებებს წარმოუდგენს, როგორ შეძლებს დეფიციტის შენარჩუნებას, ანუ იმ თანხების ბიუჯეტში სხვა გზით მოზიდვას, რაც შეიძლება მას დააკლდეს განაწილებული მოგების დაბეგვრის სადაზღვევო ინდუსტრიაზე გავრცელების შედეგად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები