„ანაკლია უნდა აშენდეს. ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, დანარჩენი არის რაღაც ტექნიკურ საკითხებზე დავა“, - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტი მისი პრემიერობის დროს მთელმა გუნდა როგორც სტრატეგიული და სამომავლო პროექტი გადაარჩინეს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ანაკლია საქართველოსთვის იყო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური. ანაკლიას სჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლიანი ინვესტორები და ანაკლიას სჭირდება ძლიერი, სტრატეგიული თანამშრომლობა ინვესტორებთან. ანაკლია უნდა აშენდეს. ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, დანარჩენი არის რაღაც ტექნიკურ საკითხებზე დავა, რომელზეც მე ყოველთვის მიდავია და ეს დავა რომ დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ, ან თუ ვინმეს რაიმე საპირისპირო მოსაზრება აქვს, დღეს ეს ხალხი პოლიტიკაშია და ისინი არიან პარლამენტის წევრები, დააინიცირონ საპარლამენტო კომისია.
მე გპირდებით, რომ ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი მხარს დაუჭერს და საერთოდ პრობლემა არ იქნება. ამ ტექნიკური საკითხის მოგვარება უნდა მომხდარიყო ქართველი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. თქვენ რომ უბრალოდ ნახოთ, რამდენჯერ და ვის სასარგებლოდ შეიცვალა დიდი საინვესტიციო კონტრაქტის კრიტიკული პუნქტები, რომელიც ტენდერის საშუალებით მოიგო კონსორციუმმა, უბრალოდ ყველაფერს მიხვდებით. რამდენჯერ მოხდა გადავადება და ა.შ. საფუძველიც არ არსებობს იმის, რომ რაღაც ფორმით... ახლა ვიღაცეები გამოვლენ, იჭორავებენ ამან ის თქვა, ამან ეს თქვა. არსებობს სასამართლო... თან ეს ხომ არის ისეთი კონტრაქტი, რომელიც არ განიხილება ქართულ სასამართლოში, ხომ არ ვენდობით ქართულ სასამართლოს, არც მე არ მომწონს. განიხილება საერთაშორისო სასამართლოში და იქ ვიდავოთ. მე ვთვლი, რომ მაშინ, მე არა მთელმა გუნდმა რაც გავაკეთეთ, ანაკლია როგორც სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის გადავარჩინეთ. როგორც პერსპექტიული, სამომავლო ჩვენი შვილების პროექტი გადავარჩინეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.
გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააცხადა და პროექტის ინვესტორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტის განხორციელებისას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.