მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ავიაბაზარს ახალი ქართული ავიაგადამზიდი კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეემატა

62e937e2e2a49
BM.GE
02.08.22 18:42
1009
სამოქალაქო ავიაციის მიერ დასრულდა ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერთიფიცირების პროცესი და უახლოეს მომავალში ის უკვე შეძლებს სატვირთო ავიაგადაზიდვების ოპერირების დაწყებას მსოფლიო ბაზარზე.

სერტიფიცირების პროცესის დასრულების აღსანიშნ ღონისძიებას, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა, ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე, “Gazelle Finance”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი და სხვა პირები. მათ „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი ბორტიც (Boeing737-800 BCF) დაათვალიერეს. აღნიშნული ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად სარისკო და რთული პერიოდისა, ავიაკომპანიის სერთიფიცირების პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნესის განვითარებაში.

„ვფიქრობ, ის ეკონომიკური გარემო და ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, იძლეოდა სტიმულს, რომ ინვესტორებს თამამი ნაბიჯები გადაედგათ და ამას მხარი დაუჭირეს ამერიკელმა პარტნიორებმაც. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ავიაგადაზიდვების სფეროში, რომელიც ვფიქრობ, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის უკეთესად გამოყენებას და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიც CAMEX-ის ავიახაზებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტებზე იმუშავებს. ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს", - ხაზი გაუსვა ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.

„აქ განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და საქართველომ განავითაროს თავისი სატრანზიტო პოტენციალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეეძლება მეტი პროდუქციის გადაზიდვა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ეს დაეხმარება მას, რომ გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთი მიმართულებით, რაც გულისხმობს ვაჭრობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა დეგნანმა.

„გაზელ ფაინანსის“ აღმასრულებელი დირექტორის ჯეფრი ლიბერთის განცხადებით, ავიაკომპანიის პროექტი ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აღნიშნული ინვესტიცია ამერიკის საინვესტიციო კორპორაციამ კომპანია „გაზელ ფაინენსის“ მეშვეობით განახორციელა.

„ამ კუთხით, „გაზელის ფაინენსი“ საქართველოში დაფუძნებულ ავიაკომპანიაში, მთლიანობაში, 2,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. საქართველო აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს და შავი ზღვის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სხვადასხვა სატრანსპორტო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. „კამექს ეარლაინსი“ „გაზელ ფაინასისთვის“ პირველი ინვესტიციაა საქართველოს სატრანსპორტო სფეროში. ამ ინვესტიციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ავიაკომპანია საიჯარო ხელშეკრულებებს 4 ხომალდზე გააფორმებს“, - განაცხადა ჯეფრი ლიბერთმა.

„კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ „კამექს ეარლაინსის“ დაბადება საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი კოორდინირებული შრომის შედეგია.

„ჩვენ 20 წელზე მეტია ვართ საავიაციო გადაზიდვების სფეროში და ბოლო პერიოდმა დაგვანახვა, რომ ღირდა საკუთარი სატრანსპროტო თვითმფრინავის ექსპლუატაციის პროექტის დამუშავება. დღეს ეს პროექტი უკვე ხორცშესხმულია, პირველი ბორტი უკვე თბილისშია, სერტიფიცირება გავლილია და უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ პირველი კომერციული ფრენის შესრულებას“, - აღნიშნა სეთურიძემ.

მისი თქმით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მილიონი ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს აღწევს.

კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას მოახერხებს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები