მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტარიფის სუბსიდირების მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის - ნავთობისა და გაზის კორპორაცია

5e21c4c93af67
დავით ჯალაღონია
17.01.20 19:29
1473
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე ირწმუნება, რომ კორპორაციის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფის სუბსიდირების მიუხედავად, რაც თავად კორპორაციის მოგების შემცირების ხარჯზე ხდება, უწყების სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდება.

ამასთან, ბახტაძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, რა თანხა დაუჯდება კორპორაციას საქართველოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის შენარჩუნება. კონკრეტულად თბილისის მაგალითზე ცნობილია, რომ თბილისი ენერჯისთვის 1000 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება კორპორაციამ 103-დან 86 აშშ დოლარამდე შეამცირა.

"მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მთავარი პრეროგატივაა სოციალური მიმართულება, ამიტომ რა თქმა უნდა, გაზის ტარიფის შენარჩუნებისთვის გარკვეულწილად მოხდა სუბსიდირება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ ერთ ასპექტში, რომ კორპორაციის საინვესტიციო პროექტებს ეს არანაირად არ შეაფერხებს. თანხასა და სუბსიდირებაზე მე მზად არ ვარ დღეს პასუხი გაგცეთ, რადგან ჯერჯერობით ცნობილიც არ არის", - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები "თბილისი ენერჯისა", "სოკარ ჯორჯია გაზის", "საქორგგაზისა" და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. მათგან, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" გარდა, ყველა კომპანიისთვის სამწლიანი ტარიფი დამტკიცდა.

"სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზისთვის" ექვსთვიანი ტარიფების დამტკიცების მიზეზი აზერბაიჯანულ "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებებია, რაც ინვესტიციების გაზის ტარიფებში ასახვას ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები