„გაზპრომი“ „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენით გაზის მიწოდებას ერთი კვირით აჩერებს. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„თურქეთის ნაკადის“ გაზსადენზე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება 21-დან 28 ივნისის პერიოდში დროებით შეჩერდება“, - ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების გაჩერება ყველა ქვეყანასთან წინასწარ იყო შეთანხმებული.
გაზსადენი „თურქეთის ნაკადი“ რუსეთიდან გაზს თურქეთსა და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შავი ზღვისა და თურქეთის ტერიტორიის გავლით აწვდის. მისი დაპროექტებული წლიური სიმძლავრე 31.5 მლრდ კუბური მეტრი გაზია.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს „გაზპრომმა“ ჩრდილოეთის ნაკადით ბუნებრივი აირის მიწოდების 40%-ით შემცირების შესახებ განაცხადა. კომპანიაში ამას კომპრესორულ სადგურ „პორტოვაიაზე“ არსებული მდგომარეობით ხსნიან.