Georgian Airways 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენას შეასრულებს - ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.
„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი, 28 იანვარს!“, - წერია კომპანიის Facebook-პოსტში.
დეტალების გასარკვევად BM.GE „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ფრენა მიმდინარე წელს საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით ხორციელდება.
„საახალწლო-საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით კომპანიამ 2 ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა მიიღო. ერთი მათგანი 8 იანვარს უკვე შესრულდა, მეორე ჩარტერი კი 28 იანვარს განხორციელდება“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
ცნობისთვის თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა დილის 10:00 საათზე შესრულდება. ბილეთის ღირებულება კი ერთი მიმართულებით 719 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა. ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.