მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია კატარისგან წლიურად 2 მლნ ტონა LNG-ის მიიღებს

63860bd27d937
მარიამ ვარადაშვილი
29.11.22 17:44
882

გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] მიღებაზე 15-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქვეყანა კატარის სახელმწიფო კომპანიისგან წლიურად 2 მლნ კუბურ მეტრ გაზს 2026 წლიდან მიიღებს. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ LNG-ზე მოთხოვნა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თხევადი გაზი განსაკუთრებით ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელსაც რუსული გაზის თითქმის 40%-იანი წილი აქვს ჩასანაცვლებელი.

ევროკავშირის ყველაზე მსხვილი ეკონომიკა, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტ რუსულ გაზს მოიხმარდა, 2024 წლისთვის რუსეთის სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. გარიგების მიუხედავად, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გერმანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაზის 2023-2024 წლებში მიღებაა და 2026 წელი ცოტა დაგვიანებული იქნება.

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთისგან დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღეს, რაც ბლოკის მოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნორვეგიიდან გაზის იმპორტითა და LNG-ით ჩაანაცვლებს.

როგორც FT წერს, იმისთვის, რომ ევროკავშირმა რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს, მას წლიურად 112 მლნ ტონა LNG სჭირდება, რაც დღეს მსოფლიოში წარმოებული თხევადი გაზის თითქმის მესამედია. თავად კატარს, რომელსაც საკუთარი წარმოების 70% უკვე არსებული კონტრაქტებით აზიის ბაზარზე გააქვს, ამ ეტაპზე ევროკავშირში მხოლოდ 10-15%-ის გატანა შეუძლია. კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკომისია რუსულ გაზზე საფასო ჭერის დაწესების გამო გააკრიტიკა. "თავისუფალი ბაზარი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია",- განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები