გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში ოფიციალურად შევიდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.3%-ით შემცირდა; წინა კვარტალში კი ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 0.4%-ს შეადგენდა.
მოგეხსენებათ, კლასიკური განმარტებით რეცესიად ქვეყნის ეკონომიკის ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირება ითვლება, ამ კრიტერიუმს კი გერმანია ახლა უკვე აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად ის უკვე რეცესიაშია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.5%-ითაა შემცირებული, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ ვარდნის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
ეკონომიკური აქტივობის შემცირება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციით, გაძვირებული ენერგორესურსებითა და გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინებითა არის განპირობებული.