დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით,“ რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას.
"ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას,"- წერს ფინანსთა სამინისტრო.