მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული კომპანია კოვიდის ახალი თაობის ვაქცინას ქმნის - პროცესში ქართველი ლუკა კოტრიკაძეცაა ჩართული

61d68193b8448
მარიამ ადამია
06.01.22 14:00
2042
გერმანულ ბიოფარმაცევტულ კომპანია CureVac-ში, mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ახალი თაობის კოვიდის ვაქცინას ქმნიან, პროცესში ქართველი მეცნიერი, ლუკა კოტრიკაძეც არის ჩართული. BMG დაინტერესდა თუ რას ნიშნავს ახალი თაობის ვაქცინა, რაზეც თავად ლუკა კოტრიკაძეს ვესაუბრეთ. მან აღნიშნა, რომ ეს ვაქცინა უკეთ მორგებული და უფრო მაღალი ეფექტიანობის იქნება ახალი შტამების, დელტა ან თუნდაც ომიკრონის წინააღმდეგ.

“mRNA ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია სამეცნიერო და კვლევით გარემოში არის, თუმცა არ არის დიდი ხანი, რაც ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტი ბაზარზე არსებობს. ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია ტრადიციული ვაქცინის მეთოდები, რაც გულისხმობს რომ დეაქტივირებული ვირუსის ან მხოლოდ მემბრანაზე არსებული ცილით შეიძლება იმუნიტეტს წინასწარ ასწავლო მსგავს პათოგენთან ბრძოლა. MRNA ტექნოლოგია სხვანაირად მუშაობს: მას საშუალებას აქვს რომ ადამიანის ორგანიზმს აწარმოებინოს ის ცილა რომელიც მსგავსია ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილისა, რის შედეგადაც იმუნიტეტი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტექნოლოგიით შეგვიძლია არა მხოლოდ ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას დავუმიზნოთ, არამედ ასევე დავხვეწოთ ტექნოლოგია, რომ ვებრძოლოთ დაავადებებსაც, რომლებიც ერთი ან ორი ცილის ჭარბობით ან პირიქით ნაკლებობით გამოირჩევა. მაგალითად, შეგვეძლება ტექნოლოგია მივმართოთ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა კიბო, ან დიაბეტი”, - აღნიშნა ქართველმა მეცნიერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიოტექნოლოგიაში უამრავი აღმოჩენაა გაკეთებული და ძლიერი ინდუსტრია დგას ამ სფეროს უკან, ჯერ ჩვენთვის მაინც ბევრი უცნობი შესაძლებლობებია.

“ბოლო წლებში გაკეთდა აღმოჩენები, რომლებიც ბევრი დაავადების მდგომარეობის გაუმჯობესების, ანდა სრულიად მორჩენის პირობას დებენ, ასე რომ ამ სფეროს ოქროს ხანა ჯერ კიდევ წინ არის. რაც შეეხება საქართველოს, ზოგადად ბიოტექნოლოგიის სფერო, დღეს, საქართველოში განვითარების საკმაოდ ადრინდელ ეტაპზეა. რა თქმა უნდა, არსებობს ბიოტექნოლოგიური და ბიოფარმაცევტული კომპანიები და კვლევითი ცენტრები, არსებობს ისეთი სფეროც კი რომლებშიც საქართველო მოწინავეა, თუმცა ზოგადად ინდუსტრიას თუ შევხედავთ, საკმაოდ ახალბედაა ეს სფერო. რაც შეეხება უშუალოდ mRNA ტექნოლოგიას, ეს იმდენად ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომ რეალურად, ამ მიმართულებით კვლევები, მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს”, - განაცხადა ლუკა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, ლუკა კოტრიკაძე გერმანიის Jacobs University Bremen-ის კურსდამთავრებულია. შემდეგ იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და მაგისტრის ხარისხი - ბიოტექნოლოგიის კუთხით. ხოლო 2020 წლიდან დღემდე, კოვიდის და ასევე კიბოს mRNA ვაქცინის ტექნიკური განვითარების მენეჯერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები