„ღია ბანკინგის მთავარი შესაძლებლობები ამიერიდან უფრო მეტად გამოჩნდება“, - ამის შესახებ გადაცემა Forbes-კვირაში თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელმა, ბიძინა მაცაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ღია ბანკინგის შესახებ გარკვეული რეგულაცია უკვე არსებობს, თუმცა, მანამ ვიდრე ეს იქნებოდა, თიბისიმ ეს შესაძლებლობა „გარე სამყაროსთანაც“ გახსნა.
„ჩვენი მიდგომა არის რომ მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან ბევრი ისეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომლებსაც თუ ხელმისაწვდომს გავხდით უფრო ფართო აუდიტორიისთვის, სხვა პატარა თუ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, საერთო ჯამში სარგებელს ნახავს მთელი ქვეყანა, ჩვენი ჩათვლით. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გარდაუვალიც არის. თუნდაც გიგანტი კომპანიები სწორედ ამ გზით გახდნენ გიგანტები. მაქსიმალური გახსნილობით და სხვებისთვის იმ საშუალების მიცემით, რომ თავად გადაიქცნენ პლატფორმად, ანუ რა შესაძლებლობებიც აქვთ, სხვებისთვისაც გახადონ ხელმისაწვდომი. ჩვენც დაახლოებით ასე ვუყურებთ ღია ბანკინგს“, - განაცხადა მან.
თიბისიში მიიჩნევენ, რომ ღია ბანკინგი არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საფინანსო სივრცეს მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს.
„სიახლე მომხმარებლებს დაეხმარება, ყველა ანგარიშზე არსებული თანხის უფრო ეფექტიანად მართვაში, ასევე, ხარჯებისა და ფინანსების უკეთ დაგეგმვასა და კონტროლში. ღია ბანკინგის მომდევნო განახლება კი შესაძლებელს გახდის ტრანზაქციის შესრულებას, "თიბისის" მობაილბანკში დამატებული ნებისმიერი ანგარიშიდან“, - აცხადებენ თიბისიში.