მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ვოლსკი არჩილ მესტვირიშვილს “მთავრობასთან შეუთანხმებელ აქტივობებში” ადანაშაულებს

64886d0ad65f3
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.23 17:22
879
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში ადანაშაულებს. ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი ეკონომიკური პროგნოზები გააკეთა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილები დროულად იყოს შევსებული.

„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების ზრდაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის, ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.

ნებისმიერ დაწესებულებაში, მითუმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ხელში. რეალობა, რასაც ვუყურებთ და ანალიზი რაც გაკეთდა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტოს დაძლევას და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. 

კანონში არსებული ეს ჩანაწერი პირდაპირ მიემართება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელია. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს.
4 ვიცე-პრეზიდენტს შორის სებ-ის საბჭო აირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები