ამასთან მას ახლავს დანართი N1, სადაც განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებაში ტურისტების განთავსების ადგილები და რაოდენობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ადგილების 50%-ს შეადგენს.
გამონაკლისს წარმოადგენს 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომლის განთავსება დასაშვებია დადგენილზე მცირე მანძილზე.


• ტურისტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების რაოდენობა განისაზღვროს N1 დანართის შესაბამისად;
• ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
• ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
• სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
• ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
• გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
• მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
• ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
• ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
• რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
• ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
• ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
გიდის ვალდებულებები:
• გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოთ ნიღაბი;
• ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;
• ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
• დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;
• თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
ამასთან, თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.