მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ginventor-ი საქართვლოში USB კაბელების და "სხარტ საათების" საწარმოს აშენებას გეგმავს

5e1f1b1981fd0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.20 18:17
1530
კომპანია Ginventor 2020 წელს საქართველოში პირველი, ეკომეგობრული USB კაბელების საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განუცხადა.

Ginventor-ი საქართველოს ბაზარზე 2 წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს 5 000-მდე დასახელების წვრილ ტექნიკას თუ აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის დამსახურებაა ისიც, რომ Ginventor-ის ბრენდის ქვეშ ბაზარზე ქართული USB კაბელების რეალიზაცია დაიწყო და დღეისთვის რეალიზაციაში 19 000 ქართული დამტენია ჩაშვებული.

„შემოგვაქვს ჩინეთიდან სხვადასხვა დასახელების საქონელი, ვიწყებთ რეალიზაციას, ვიძლევით 1-წლიან გარანტიას, 6 თვის განმავლობაში ვაკვირდებით უკან დაბრუნების მაჩვენებელს და მომხმარებლის კმაყოფილებას. ვარჩევთ საუკეთესო და ხელმისაწვდომ პროდუქტს. სწორედ ამ პრინციპით დავიწყეთ ქართული USB კაბელების და დეკემბრიდან უკვე პირველი "ქართული სხარტ" საათის გაყიდვები“, - აცხადებს ლილუაშვილი.

Ginventor-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2020 წელს კომპანია წარმოების ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანას გეგმავს, რისთვისაც 300 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ.

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოში USB კაბელების შემოტანა და რეალიზაცია ქართული ბრენდის ქვეშ. მოგვიანებით გავემგზავრეთ ჩინეთში, მოვიძიეთ საინტერესო ქარხნები, რომლებიც USB კაბელებს აწარმოებენ და როდესაც გავერკვიეთ წარმოების ტექნოლოგიაში, მივხვდით, რომ დანადგარები კვლავ ჩინეთში უნდა შეგვეძინა. საწარმოს დანადგარებისთვის საჭირო თანხის ნაწილი უკვე გადარიცხული გვაქვს და უკვე მიმდინარეობს დანადგარების აწყობა.

საქართველოში USB კაბელების წარმოებას მაქსიმუმ 6 თვეში დავიწყებთ, ამისთვის ვაგროვებთ თანხებს და Crowdfunding-ის აქციას ვატარებთ იმისთვის, რომ შევძლოთ პირველი ქართული დამტენების წარმოება. თანხის ნაწილი  საკუთარი რესურსებით მოვაგროვეთ. ჯამში, საწარმოს ასამუშავებლად 300 000 ლარია საჭირო“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

სანდრო ლილუაშვილის თქმით, ისინი ეკომეგობრულ დამტენებს დაამზადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის ქართული კაბელი გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადდება.

„ჩვენით გვინდოდა გადაგვემუშავებინა მეორადი პლასტმასი, თუმცა ამ ეტაპისთვის ამ პროცესს პარტნიორ ქარხანასთან თანამშრომლობით განვახორციელებთ. მოვაწყობთ შაბათობებს, დავალაგებთ პლასტმასის ბოთლებს და ამ გადამუშავებულ პლასტმასს ჩვენი ეკომეგობრული კაბელების წარმოებისთვის გამოვიყენებთ. კაბელების წარმოებაში პლასტმასის მასალის გამოყენება  ჩვენი ნოუ ჰაუა“, - უთხრა BM.GE-ის ლილუაშვილმა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 2021 წლიდან Ginventor-ი ქართული სმარტ საათების წარმოების დაწყებასაც აანონსებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Ginventor-ის ბრენდის ქვეშ, პირველი ქართული "სხარტ საათები" ადგილობრივ ბაზარზე 26 დეკემბრიდან შემოვიდა და ამ პერიოდში 400-მდე საათი გაიყიდა.

სანდრო ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ახალი პროდუქტი იყო, მომხმარებელში ამ საათებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ჩინეთში ერთ-ერთ საწარმოს სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ სმარტ მაჯის საათები აწარმოებს. პირველ ეტაპზე 1 500 საათი ჩამოვიტანეთ. ჩვენ მას ქართული სახელი „სხარტ საათი“ დავარქვით და მომხმარებელს ისე შევთავაზეთ. დაახლოებით, 2021 წლიდან შევძლებთ ჩვენი საათები უკვე აქ საქართველოში ვაწარმოოთ. რა ინვესტიციას ჩავდებთ საწარმოში, რა წარმადობა ექნება - ამ დეტალებზე საუბარს ზაფხულში, ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ შევძლებთ. თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ საათებიც იქნება ეკომეგობრული, რომელთა წარმოებისთვის გადამუშავებულ მეორად საბურავებს გამოვიყენებთ“, - ამბობს Ginventor-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „სხარტ საათის“ შეძენა მსურველებს Ginventor-ის ვებგვერდზე შეუძლიათ. საათები თავსებადია Android 4.4 და iOS 8.0 ან შემდეგ მოდელებთან. საათის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წნევის გაზომვა, ძილის მონიტორინგი, ტელეფონის ძიება, მანძილის გაზომვა, ტაიმერი, საათი, კალორიების დათვლა, პულსაციის გაზომვა, ძილის მონიტორინგი, ნაბიჯების დათვლა და ასევე მობილურზე შემომავალი ზარებისა და მესიჯების შესახებ შეტყობინების მიღება ვიბრაციის საშუალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები