მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაქრაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატია

64340cd283e45
BM.GE
10.04.23 17:02
2371
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია. ის აპრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გასაუბრებაზე მივიდა. 

ბაქრაძე bm.ge-ს უდასტურებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია. 

„კონკურსში გადავწყვიტე მონაწილეობა, იმიტომ რომ კანონით, რაც მოთხოვნებია, ვაკმაყოფილებ და მინდა ვცადო. გასაუბრება მქონდა ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან. კითხვები ეხებოდა, რა შეიძლება გავაკეთო, თუ საბჭოს წევრი გავხდი, ასევე, საქართველოს ეკონომიკას, ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ჩემს კვალიფიკაციას“, - აღნიშნა bm.ge-ისთან გიორგი ბაქრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაქრაძის გარდა, გავრცელებული ცნობებით, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი არჩილ იაკობაშვილი, ილიაუნის ეკონომიკის პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე მაია გიქოშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა და 8 კანდიდატი შეირჩა.

„გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე იყო შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო, საბჭოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს. შერჩეულ კანდიდატს კი, ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს, ჯერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად უნდა აირჩიონ. საბჭოს წევრებს, თავის მხრივ, პრეზიდენტი წარადგენს და მათ პარლამენტის უმრავლესობა ამტკიცებს. რაც შეეხება ვიცეპრეზიდენტს, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომელსაც 23 თებერვალს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკანონმდებლო ცვლილება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებდა, რომელიც ხდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

ინფორმაციისთვის, bm.ge ცდილობს საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას პრეზიდენტის ინფორმაციიდან, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ პროცესის დასრულებამდე არანაირ დამატებით კითხვას პასუხი არ გაეცემა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები