“ლაინეიტის” ბიზნესის განვითარებას საქართველოსა და რეგიონში გიორგი ციკოლია უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ციკოლია რეგიონული დირექტორის პოსტს დაიკავებს.
კომპანია „ლაინეიტი“ ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას მაღალი დონის ტექნოლოგიური პროგრამების და მონაცემების დამუშავების პრობლემების გადაჭრაში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
„საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობის Lineate Georgia მეშვეობით, ვგეგმავთ გავხდეთ ქართული კორპორაციული გარემოს ღირსეული წევრი, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, ამერიკული ნოუ-ჰაუს და თანამედროვე ბიზნეს პროცესების დანერგვაში და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ ტექ-ეკოსისტემა, გავზარდოთ ადგილობრივი ტალანტი ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საშუალებით და წვლილი შევიტანოთ საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებაში.
გიორგი ციკოლია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში და რეგიონში „ლაინეიტის“ კულტურის ადაპტაციაში, ჩვენი ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის ჩამოყალიბებასა და საქართველოს მომავალი თაობის ტალანტის გაზრდაში.
მოხარული ვართ, რომ გიორგი ციკოლია ჩვენი კომპანიის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასახული მიზნების მიღწევაში. მისი ტალანტი, უნარები და გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობისას, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია და ხელს შეუწყობს ჩვენი მისიის შესრულებას, განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, გიორგი ციკოლიას გამორჩეული კარიერა აქვს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში დესპანის რანგში, გიორგი ციკოლიამ მნიშვნელოვან ინიციატივებს ჩაუყარა საფუძველი საკანონმდებლო და ეკონომიკურ მიმართულებებით, რითაც აშშ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა.
ვაშინგტონში დიპლომატიურ კარიერამდე გიორგი ციკოლია ხელმძღვანელობდა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ეკონომიკური მიმართულებით, რომლებმაც საქართველოში მოიზიდა უცხოური ინვესტიცია, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის განვითარებას და შექმნა სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის. გიორგი ციკოლიას განათლება აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტში: ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლაში აქვს მიღებული.