მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა

6470d2cf954d8
თელარა გელანტია
26.05.23 22:00
985
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, დღეს, საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი და ის რიტორიკა, რომლითაც მმართველი ძალა საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრება, სამარცხვინოა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. გიორგი ქადაგიძემ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაზრდის რისკებზეც და თქვა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა.

„მითია, რომ თითქოს რუსეთის ბაზარი არის რაღაც დიდი ბაზარი, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა გამდიდრდეს, თუნდაც ის, ვინც უარს იტყვის საკუთარ თავმოყვარეობასა და ღირსებაზე. ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ და გააკრიტიკა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რუსეთის მიმართ ხელისუფლების რიტორიკას, მათ შორის, ეკონომიკური მოტივით ამართლებს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა. უფრო მეტიც, რუსეთი ისტორიულად ახდენს ეკონომიკური ბერკეტების ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს 2006 წლის ემბარგო?!

საკითხი არ დგას ისე, თითქოს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ღირსებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ასეთი რამე არ არსებობს;
ან თუ ასეთი აყვავებულია ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი კარგად არის, მაშინ 3.7-მილიონიან ქვეყანაში 600 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი რატომ გვყავს?! რატომ არის აშშ-ის ვიზის მიღება ზეიმი?! ასიათასობით ადამიანი რატომ მონაწილეობს „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში და რატომ ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე?! რატომ არის, რომ თბილისში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე - ევროპულ ქალაქში და ამ დროს შემოსავლები არის იმის მესამედი, რაც იყო. ამდენად, ხელისუფლების ინფორმაციას, რომელიც არაა მართალი, რეალური ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ და არ უნდა დავიღალოთ მოსახლეობისთვის იმის ახსნით, რომ ჩვენ ვართ პროპაგანდის ომში. ჩვენ ვართ კიბერ-ომში, სადაც თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცია; როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ქვეყანა აქცია რუსი მიგრანტების მომსახურების ეკონომიკად, ესაა ჩვენი ამოცანა?! გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც დიდი სახინკლე იქნება და რუსები მაშინ ჩამოვლენ თავისივე თვითმფრინავებით, იქეიფებენ და წავლენ, როცა მოუნდებათ და ჩვენ კიდევ გროშებზე ვიცხოვრებთ?!“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმითვე, რეალური, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპასთან და დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

„ამისთვის ვიბრძვით ამდენი ხანია. ხშირად უნდა გავიმეოროთ და ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ბაზარი არის უზარმაზარი პოტენციალი, რომ ეს არის ინვესტიციების წყარო, ტექნოლოგიების წყარო, ათასობით გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის, ლეგალურად მუშაობის უფლება, ევროპული სტანდარტის პენსია და ა.შ.“, - აღნიშნა მან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები