მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება

646f927f03472
თელარა გელანტია
26.05.23 00:00
990
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-ს უფროსი პარტნიორის გიორგი ქობულიას აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება.

"როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი სისხლი და ახალი აზრი. დღევანდელი მთავრობა ისე მართავს სახელმწიფოს, როგორც ესმის, სხვანაირად არ ესმით და თქვენ ვერ აუხსნით მათ, რაც არ ესმით. ამას ჰქვია მენტალიტეტი", - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. გიორგი ქობულია ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიკაციაა.

„მე ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო კვალიფიციური მთავრობა, უფრო კვალიფიციური სახელმწიფო მანქანა, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და ბევრად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში. დღესდღეობით, ისევ და ისევ გვაქვს ის სიტუაცია, რომ სახელმწიფო მანქანა გადაწვეტილებებს ვერ იღებს და მისი პირველადი მიზანია, რაც შეიძლება გაჭიმოს გადაწყვეტილებების მიღება. მე არ ვამბობ, რომ კვალიფიკაციის პრობლემა უმაღლეს დონეზეა... ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე, არამედ - შემდეგ დონეებზე და პრობლემაც აქ იქმნება. მაგალითად, პრობლემებია რეგიონებში პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ყოფილმა მინისტრმა „ოცნების“ ხელისუფლებაში კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას, მაგალითად მოიყვანა მმართველი ძალის რიტორიკა და კომუნიკაციის ფორმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. „მე ვთვლი, რომ დღევანდელ მთავრობაში არაა საკმარისი კვალიფიკაცია, რათა პარტნიორებს აუხსნან ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

კითხვაზე - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის - ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა რამდენიმე ფაქტორი ჩამოთვალა, მათ შორისაა ეფექტიანი სახელმწიფო მანქანა, ინვესტიციები განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და არაობიექტური სასამართლო სისტემის იმიჯის მოშორება.

„ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოს პოლიტიკური ფონი. ის ნეიტრალური პოლიტიკური ფონი, რომლის შენარჩუნებასაც ვცდილობთ, არის სწორი ფონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ ეს რეფორმები, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელისუფლება, რომელიც ახალ აზრს, ახალ სისხლს და ენერგეტიკას მოიტანს. ახალი აზროვნება გვინდა, რათა დავიპყროთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის შემდეგი ჰორიზონტები“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები