მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი შაგიძე: PayMe-ის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს

5ef9ff22ed09a
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 20:00
1476
დღეიდან "თიბისი ბანკის" საბანკო სერვისებს მომხმარებლები უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა 2020 წლის აპრილში უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზიის აღებიდან რამდენიმე თვეში უკვე საოპერაციო საქმიანობა დაიწყო. ჯერჯერობით, ოპერაციები ბეტა ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს, აგვისტოდან კი ბანკი უკვე მომხმარებელთა ფართო წრისთვის გაიხსნება. ამასთანავე, უზბეკურ ბაზარზე საქმიანობას აგრძელებს ციფრული საგადასახდო სისტემა PayMe-ი, რომელიც თიბისიმ გასულ წელს შეიძინა. ამჟამად სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს.

უზბეკეთის ბაზართან დაკავშირებით არსებული გეგმის შესახებ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ბაზარზე "თიბისის" მთავარი ამოცანა ახალი თაობის ციფრული ბანკის შექმნაში მდგომარეობს. შაგიძის თქმით, "თიბისის" ამ მხრივ, კარგი სასტარტო პოზიცია აქვს, რაც მობაილ ბანკინგის სერვისის მიმართულებით ბანკის მიერ მოპოვებული არაერთი ჯილდოთიც დასტურდება. 

"დღეს დავიწყეთ მომხმარებლების აქტიურად მომსახურება. ჯერერჯობით, ბანკი არის იმ რეჟიმში, როდესაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ემსახურება, ამას ჩვენ Friends & Family-ის ვეძახით. დაწყებული არის მომსახურება ყოველდღიური საბანკო პროდუქტებით, რაც გულისხომბს ანგარიშის გახსნას, ბარათის გახსნას, გადარიცხვებს, გადასახადების გადახდას და ასე შემდეგ. შემდეგი ეტაპი ეს იქნება ძალიან მალე კრედიტები და სამომხმარებლო კრედიტები. აგვისტომდე ეს არის შეზღუდული რაოდენობის ადამიანებზე და აგვისტო-სექტემბრიდან მოხდება მომხმარებლებისთვის პროდუქტების ფართოდ შეთავაზება. შემდგომ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ, რომ იპოთეკური სესხები გავუშვათ და მომავალი წლისკენ გავუშვათ მცირე და საშუალო ბიზნეს მომსახურება სრული სპექტრით.

ყველა ეს მომსახურება არის უფრო მეტად ციფრული, ახალი, მომავალი თაობის საბანკო მომსახურებები, რაც კიდევ უფრო ციფრული გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში და ამან შეუწყო ხელი, რომ მოგვეხდინა დისტანციურად ბანკის გაშვება.

უნდა აღვნიშნოთ “თიბისი ბანკის” საკმაოდ კონკურენტუნარიანი მდგომარეობა ციფრული პროდუქტების და ციფრული მომსახურებების თვალსაზრისით. გახსოვთ, რომ შარშან წლის ბოლოს “თიბისი ბანკის” მობაილ ბანკი Global Finance-ის მიერ დასახელდა 10 კატეგორიიდან 2 კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოდ.

შარშან ჩვენ შევიძინეთ PayMe-ის 51%-იანი წილი, მას შეძენის დროს ჰყავდა 1.2 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი და დღეს უკვე მას 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და ძალიან სწრაფად იზრდება PayMe-იც," - განაცხადა გიორგი შაგიძემ "საქმის კურსის" ეთერში. 

"თიბისი ბანკი" უზბეკეთის ბაზარზე - "საქმის კურსი"





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები