წარმოგიდგენთ გასული სამუშაო კვირის უმთავრეს მოვლენებს, რომლებსაც გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ჰქონდათ გავლენა:
გასული კვირის ყველაზე დიდი ფინანსური სიახლე Airbnb და DoorDash- ის მიერ ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება (IPO) იყო. ჯამურად, 2020 წელი მსხვილი IPO-ებით იყო გამორჩეული, აქციების პირველადი შეთავაზება 129 კომპანიამ განახორციელა, რაც 2019 წელს არსებულზე 19-ით მეტია. ბოლო ორი მსხვილი IPO სწორედ DoorDash-სა და Airbnb-ის ეკუთვნოდათ.
DoorDash-ი აშშ-ის საკვების მიტანის ბაზრის ლიდერია. კომპანიის IPO 9 დეკემბერს შედგა. მისი საწყისი ღირებულება $103 იყო, თუმცა ვაჭრობის პირველივე საათებში ის $189 დოლარამდე გაიზარდა, რითიც კომპანიის ღირებულება თითქმის გაორმაგდა და $54 მილიარდს მიაღწია. დღეს კომპანიის აქციების ღირებულება $172 დოლარამდე შემცირდა.
ტურისტული სექტორის მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, წარმატებული აღმოჩნდა Airbnb–ის IPO. ვაჭრობა აქციაზე $68-დან დაიწყო და ის $144-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $86 მილიარდს გაუტოლდა.
ნავთობის ფასმა მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა $50 აშშ დოლარს. ხუთშაბათს, Brent ტიპის ნავთობის ფასმა 4.3%-ით მოიმატა და ბარელზე 50.95 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI ნავთობის ფასმა 47.6 აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაკავშირებულია ეკონომიკური აქტივობის ზრდის მოლოდინთან, რასაც დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესის დაწყება და FDA–ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უწყობს ხელს.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ EBC ნახევარი ტრილიონი ევროთი გააფართოვებს ბონდების შესყიდვის პროგრამას, რაც ფინანსური ბაზრების სტიმულირებას ისახავს მიზნად. შედეგად, პროგრამის მოცულობა 1.85 ტრილიონ ევრომდე გაიზარდა.
ECB– იმ ასევე განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკა წლის მეოთხე კვარტალში 2.2% –ით შემცირდება. გარდა ამისა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა 3.9%-მდე.
წყარო - Galt & Taggart