“Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია bm.ge-სთან ამბობს, რომ “გუდაურს აქვს პოტენციალი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი იყოს”, თუმცა არსებული გამოწვევების გამო, ეს ვერ ხერხდება. გამოწვევებს შორის კი უმთვარესია ინფრასტრუქტურული პრობლემები. მისივე თქმით, მთის კურორტებზე არსებულ პრობლემებს როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმა უნდა უპასუხოს.
“ინფრასტრუქტურულ პრობლემებში გზებს ვგულისხმობ. მაგალითად, გუდაურში შეუძლებელია ადამიანი ფეხით გადაადგილდეს. ტურისტებს უწევთ, სამანქანო გზაზე იარონ. ტროტუარები არაა, სადაც ქვეითები კომფორტულად გადაადგილდებიან. აგრეთვე, გამოწვევად რჩება არასაკმარისი საპარკინგე ადგილები. ამის პრობლემა განსაკუთრებით ბაკურიანში დგას", - განმარტა კოკაიამ.
ბიზნესმენის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მთის კურორტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი მარკეტინგული კამპანია უნდა გაუკეთდეს, რათა ქვეყნის, როგორც ერთ-ერთი ტურისტული ადგილმდებარეობის ცნობადობა გაიზარდოს.
“ტურისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ალტერნატივა არსებობს, და ჩვენს მთის კურორტებზე ევროპულთან შედარებით უფრო დაბალი ფასები დახვდებათ, ხოლო მომსახურება ევროპულის მსგავსი იქნება.” - განმარტა კოკაიამ.