მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს - ელჩი

6403a5b70212d
BM.GE
05.03.23 00:03
1317
BMG-სან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების და მასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მოსამზადებელი შეფასების შესახებ ისაუბრა. დიპლომატი განმარტავს, რომ აღნიშნული შეფასება ოქტომბრისთვის უნდა იყოს მზად და იქამდე საკმაოდ ბევრი მიმართულებით შეიძლება მოხდეს ცვლილებები. ამასთან, ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

“პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს შეაფასებს ანგარიში, რომელსაც მოამზადებს ევროკომისია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ინკლუზიური პროცესი. უკვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას კომისარ ვარჰეის სახელით. ვისაუბრებთ ყველა შესაბამის სამინისტროსთან, ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩავრთავთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. და ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიში 12 წინაპირობის იმპლემენტაციის შესახებ გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში. შემდეგ 27–მა წევრმა სახელმწიფომ უმაღლეს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების დონეზე – უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ერთხმად. 10 თვის ჭრილში ვსაუბრობთ – ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ 10 თვის მანძილზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ეს არ იქნება გზის დასასრული. ყველას ესმის, რომ გარკვეული წინაპირობების სრულყოფილად შესრულება საკმაოდ მოკლე დროში რთული ამოცანაა და წლები დასჭირდება ისეთი პოლიტიკური წინაპირობების შესრულებას, როგორიც მაგალითად დეპოლარიზაციაა, დე–ოლიგარქიზაციაა, თუნდაც სასამართლო რეფორმის გატარებაა. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაგრამ ჩვენ იმის დანახვა გვსურს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვინდა პროგრესის დანახვა 12–ივე პრიორიტეტთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ზოგი სრულად შესრულდება, ზოგი – ნაწილობრივ, მაგრამ მიმართულება იქნება სწორი. გადაწყვეტილება 27–ივე წევრი სახელმწიფოს ხელშია, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მათთან სწორი გზავნილების მიტანა,”- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები