გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს "ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
კომპაია "ქართულმა აგრო პროდუქტმა" პროექტში 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, აქედან 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას „კეთილი და პატიოსანი“-ს ბრენდით ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
„ამ საწარმოს მაგალითზე კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველოს მთავრობის პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ორიენტირებულია ქართველ მეწარმეზე და ბიზნესზე. ის დიდი სიკეთეები, რაც თანდათან ნათელი ხდება მოსახლეობისათვის ამ საწარმოს არსებობით კიდევ ერთხელ დასტურდება.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა
2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა.