5 ივლისს, 10:00 საათიდან, თბილისში, სასტუმრო "იოტაში" ახალი სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა აიღებს სტარტს. პროგრამა ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმს ეხება და მას კალიფორნიული სააგენტოს Balzac Communications and Marketing-ის სპეციალისტები ჩაატარებს.
პროგრამა პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული მარნების ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმში გადამზადებას. იგი ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
სატრენინგო სესია 10:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ თემებს:
• ღვინის მარკეტინგის საერთაშორისო ტენდენციები და სტანდარტები
• ღვინის ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციები და სტანდარტები
• აშშ-ს ბაზრის თავისებურებები
სესიები ჩატარდება ინგლისურ და ქართულ ენებზე და ეყოლება ორი სპიკერი: Balzac Communications and Marketing-ის პრეზიდენტი მაიკლ ვანგბიკლერი და ღვინის ტურიზმის მაგისტრი და ამავე კომპანიის ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სპეციალისტი - ეთერ გორგილაძე. Balzac Communications and Marketing აშშ-ში, კალიფორნიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა და უკვე 30 წელია, ბაზარზე პოზიციონირებს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათ სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სერვისს სთავაზობს.
„ქართული მარნებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკებისა, თუ ტენდენციების ცოდნა და დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს პროექტი კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა“, - ეთერ გორგილაძე, ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სპეციალისტი.
პროგრამა მხოლოდ ტრენინგით არ შემოიფარგლება, მისი დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შეეძლება, საკონსულტაციო შეხვედრა ჩანიშნოს Balzac-თან, მიიღოს პროფესიული რჩევები და მათთან ერთად განიხილოს მარნისთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული, თუ ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები.