მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვყავს დაგვა-დასუფთავების მენეჯერი, რომელიც მეეზოვეებს ზედამხედველობს - მარტვილის მერი

601818ada8bf3
ინგა მურუსიძე
02.02.21 10:15
1583
"გვყავს დაგვა-დასუფთავების მენეჯერი, რომლის მისი ფუნქციაა მეეზოვეების ზედამხედველობა", - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ bm.ge-ის ააიპ მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრის სტრუქტურა დეტალურად მას შემდეგ მოუყვა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის კომენტირება ვთხოვეს.

საქმე ის არის, რომ აუდიტის სამსახურმა მარტვილის მუნციპალიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში 18 მეეზოვეს 8 ხელმძღვანელი ჰყავს.

მერი ამბობს, რომ აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობას მიაწერს იმ პირებს, რომლებიც მეეზოვეები არიან და ამავე დროს მაგალითად, რომელიმე ზონის ხელმძღვანელის პოსტი უკავიათ.

ალექსანდრე გრიგალავა ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად ვითარდება და შესაბამისად, ნაგვის ურნების რაოდენობაც მომრავლდა. “სამუშაოც მეტია”, - ამბობს ის, თუმცა BM.ge-ის კითხვა-რეპლიკაზე - „მეეზოვეების ხელმძღვანელი პირების კი არა, უშულოდ მეეზოვების რაოდენობა ხომ არ უნდა გაზრდილიყო“, მარტვილის მერს არგუმენტირებული პასუხი არ ჰქონდა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ „უშუალოდ დასუფთავებაზე მომუშავე პირების რაოდენობაც იზრდება“.

„აუდიტის სამსახურის დასკვნას გავეცანით, რა თქმა უნდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გავითვალისწინებთ. მიდის მუშაობა შენიშვნების დამუშავებაზე და მათ აუცილებლად გამოვასწორებთ. რაც შეეხება საშტატო ნუსხას, მუნიციპალიტეტი მუდმივად ვითარდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კეთდება, სხვადასხვა ადგილებში ნაგვის ურნების დამატებაა, რომელთა მართვასაც მეტი თანამშრომელი სჭირდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საშტატო ნუსხა ხელოვნურად არის გაბერილი ან რაიმე მსგავსი", - განაცხადა გრიგალავამ და აუდიტის სამსახურის საპასუხოდ დასუფთავების სამსახურის სტრუქტურა წერილობით, თან დეტალურად გამოგვიგზავნა.

„ააიპ მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრში დასუფთავების განყოფილების და გარე-განათების განყოფილებაში არის განყოფლების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე დასუფთავების კუთხით, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში არიან: დასუფთავების ზედამხედველი დიდიჭყონის ზონაში (ინჩხური, გაჭედილი, დიდიჭყონი, სალხინო, კურზუ, ტალერი, თამაკონი,) - მისი ფუნქციაა, როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ასევე, ნარჩენების გატანის ზედამხედველობა ჩამოთვლილ სოფლებში. ცალკე გვყავს დასუფთავების ზედამხედველი ბანძის ზონაში (ბანძა, აბედათი, ონოღია, ვედიდკარი, ნაჯახაო, ლეხაინდრაო, ნაგვაზაო, ხუნწი, სერგიეთი) - მისი ფუნქციაც არის როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ასევე ნარჩენების გატანის ზედამხედველობა ჩამოთვლილ სოფლებში. დასუფთავების ზედამხედველი გვყავს ქალაქ მარტვილში (ქ.მარტვილი, ნახარებაო, ქვაითი, საელიაო, ნალეფსაო), მისი ფუნქციაა, როგორც მეეზოვეების ზედამხედველობა, ნარჩენების გატანის ზედამხედველობა, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ იურიდიულ პირებთან შესაბამისი მიღება/ჩაბარების აქტების გაფორმება. გვყავს დაგვა-დასუფთავების მენეჯერიც - მისი ფუნქციაა, მეეზოვეების ზედამხედველობა. რაც შეეხება მეეზოვეების რაოდენობას, დიდი ჭყონის ზონაში არის ორი მეეზოვე, ბანძის ზონაში - ორი მეეზოვე, ხოლო ქალაქ მარტვილში - 15 მეეზოვე.

ამდენად, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში არსებული რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 18 მეეზოვეს ჰყავს 8 ზედამხედველი, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მხოლოდ ერთ თანამშრომელს - დაგვა-დასუფთავების მენეჯერს აქვს უშუალოდ მეეზოვეების ზედამხედველობის ფუნქცია, დანარჩენი თანამშრომლები კი, ახორციელებენ ისეთ მოვალეობებს, როგორიცაა ნარჩენების გატანა და მისი ზედამხედველობა, იურიდიულ პირებთან მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმება“, - აცხადებს მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები