მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP-ის $225-მილიონად გაყიდვის განცხადებას "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასის ზრდა მოჰყვა

61ceea2316b37
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.21 15:27
2501
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი გაიზარდა. დილით კომპანიის ერთი აქცია 6.4 გირვანქა სტერლინგი ღირდა, რის შემდეგაც ის 11%-ით, 7.13 ფუნტამდე გაიზარდა. 

აქციების ფასის მატება კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, ის მისი შვილობილი კომპანია GGU-ს საკონტროლო პაკეტს ესპანურ ჰოლდინგ "Aqualia"-ს მიყიდის. თავად GGU ამჟამად  თბილისის; მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP-ის მესაკუთრეა. გარდა ამისა, GGU-ს შემადგენლობაში შედის ჰიდროენერგეტიკული პროექტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ენერგეტიკის მიმართულებით, "საქართველოს კაპიტალი" აქტივების საკონტროლო პაკეტს შეინარჩუნებს, ხოლო წყალმომარაგების კომპანიის მიმართულებით კი საკონტროლო პაკეტის მფლობელი Aqualia იქნება.

განცხადების თანახმად, GGU-ს შემადგენლობაში არსებული სასმელი წყლის ბიზნესის 80% $180 მილიონ დოლარად გაიყიდება. შესაბამისად, სასმელი წყლის ბიზნესის 100%-იანი წილი 225 მილიონ დოლარად შეფასდა. ამასთან, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კომპანიაში დარჩენილი 20%-ის გამოსყიდვის ოფციასაც, რომელიც 2025 და 2026 წლებში უნდა იყოს ათვისებული. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული შეთანხმება მთლიანობაში $225 მილიონი დოლარის გარიგებას ითვალისწინებს.

თავად Aqualia წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის და ინვესტორის შემოსვლის შესახებ. ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოს, „სემეკის“ მაღალი პროფესიონალიზმისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასეთი მაღალი რანგის, სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის მხრივ საქართველოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებელის ასევე თანამშრომლის, და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ.“ - განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

“კომპანია “აქუალიას” ინტერესი საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების სისტემის მიმართ დიდი ხანია აქვს და დღემდე დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით ამ დარგისა და მისი სისტემის აქტივების განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა საქართველოში არსებული კარგი საინვესტიციო გარემო და დანერგილი ევროპული სტანდარტების რეგულაციები.

“აქუალიას” და საქართველოს კაპიტალის გუნდები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც გამოხატავს ორივე მხარის ხედვას და ღირებულებებს. ჩვენი ლოკალური პარტნიორის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში არსებული გარემოს ზედმიწევნით ცოდნა „აქუალიას“ ტექნოლოგიურ ბაზასა და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, წყალმომარაგების სერვისის მიწოდების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის წარმატების გარანტიაა,”- განაცხადა FCC „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარამ.

2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, GWP-ის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 116 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალმა 48.9 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომპანიის აქტივები არის 559 მილიონი ლარი, ხოლო ვალდებულებები 463.9 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები