მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერის დაბინძურება და ინოვაციური ტექნოლოგიები - როგორ იქმნება კვამლისგან თავისუფალი მომავალი

5f5627d3f124a
BM.GE
07.09.20 16:21
3665

გარემოს დაბინძურება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჯანმო მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურებას ასახელებს, რადგან მის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი 7 მილიონს უტოლდება. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა წარმოადგენს.

გარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართულ ძალისხმევას მსოფლიოს წამყვანი კორპორაციებიც უერთდებიან. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიები ცდილობენ, შეამცირონ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა და ხელი შეუწყონ  ჯანსაღი მომავლის შექმნას.

ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ელექტრომანქანები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და უკვამლო მოწყობილობები მიეკუთვნება.

ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრომანქანა ტრადიციულ ავტომანქანას?

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 16% მანქანების გამონაბოლქვზე მოდის. მანქანის გამონაბოლქვის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა სხვადასხვა დაავადებას, რიგ შემთხვევაში კი ინტოქსიკაციას იწვევს. მაგალითად, თუ ადამიანი დახურულ სივრცეში ყოფნის დროს 5-7 წუთის განმავლობაში მანქანის გამონაბოლქვს ისუნთქებს, მოხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.

ბაზარზე ელექტრომანქანების გამოჩენამ კი სრულიად შეცვალა ავტოინდუსტრიის აღქმა. გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ელექტრომანქანების პოპულარიზაციას. მაგალითად, ევროპის ქვეყნების მიზანია, სრულიად ჩაანაცვლონ ტრადიციული ავტომანქანები. დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ 2040 წლისთვის სრულად აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების მოხმარება. საფრანგეთის მთავრობის მიზანს კი 2030 წლისთვის ქვეყნის ტრადიციული ავტომობილებისგან სრულად განთავისუფლება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომანქანებით დაინტერესება საქართველოს ბაზარზეც იზრდება. 2018 წლის მონაცემებით,  ქვეყანაში სულ 1392 ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, 2019 წელს კი მათი ჯამური ოდენობა 2 214-ს გაუტოლდა.

როგორია ალტერნატიული ენერგიის ეკოლოგიური უპირატესობები?

ჰაერის დაბინძურებას ტრადიციული ენერგიის გამომუშავებაც იწვევს, რადგან მისი წარმოება ნავთობის, გაზისა და ნახშირის გამოყენების შედეგად ხდება. ამ ნედლეულის მოხმარება იწვევს ქიმიური შენაერთების გამოთავისუფლებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჰაერის მეშვეობით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი შენაერთების ორგანიზმში საჰაერო გზით მოხვედრის შედეგად მავნე ქიმიური ნივთიერებები 80-100-ჯერ მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე საკვებიდან მიღების შემთხვევაში.

ჯანსაღი მომავლისთვის აუცილებელია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლა, რომელიც პოზიტიური ცვლილების მატარებელი იქნება. ასეთ ენერგიას მიეკუთვნება: ჰიდროენერგეტიკა, ქარის ენერგია, მზის ენერგია. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა.

ამ კუთხით ლიდერობენ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ნელ-ნელა ცდილობენ სრულად ჩაანაცვლონ ტრადიციული ენერგია და გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მაგალითად, გერმანიაში წარმოებული ენერგიის 50% მზისა და ქარის ენერგოსადგურებზე მოდის, ავსტრიაში ეს მაჩვენებელი კი 75%-ს უტოლდება.

საქართველოს ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ქვეყნის ქარის ელექტროსადგურების პოტენციალი წლიურად საშუალოდ 4 მლრდ კვტ.სთ-ით არის შეფასებული, რაც შეეხება მზის ენერგიას, მისი სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 108 მვტ-ს უტოლდება. საქართველო ნელ-ნელა იწყებს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლას, პირველ ნაბიჯს კი საქართველოში ქართლის ქარის ელექტროსადგური წარმოადგენს.

როგორ იქმნება მსოფლიო კვამლის გარეშე?

ჰაერის დაბინძურება არაინფენქციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გარემოში მავნე ნივთიერებების გამოთავისუფლებას ხელს სიგარეტის კვამლიც უწყობს. კვლევებით დადგინდა, რომ სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოთავისუფლებული ნივთიერებების რაოდენობა ჰაერში სიგარეტის ჩაქრობიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ მცირდება. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება სიგარეტის კვამლში არსებული 7000 ტოქსიკური ქიმიკატი და არა - ნიკოტინი.

აღსანიშნავია, რომ  სიგარეტის ნარჩენები უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ გარემოზეც. ჩატარებული კვლევების თანახმად, მიწაში მოხვედრილი სიგარეტის ნარჩენი ბალახის ზრდის ტემპს 10%-ით, მის ზომას კი 13%-ით ამცირებს.

სწორედ ამიტომ,  სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, იპოვონ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა, რომელიც ნაკლები ზიანის მომტანი იქნება როგორც მწეველებისთვის, ასევე გარემოსთვის.

ამ პრობლემასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ელექტრონული სისტემის მქონე სიგარეტები თამაშობს. მათ რიცხვს ელექტრონული სიგარეტები და გახურებადი თამბაქოს პროდუქტები მიეკუთვნებიან. ისინი იყენებენ თამბაქოს არა წვის, არამედ გახურების ტექნოლოგიას, რაც ჰაერში გამოფრქვეული მავნე ნაწილაკების რაოდენობას 90-95%-ით ამცირებს.

სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებულ ზომებს მიმართავს. მაგალითად, 2019 წელს დიდ ბრიტანეთში მწეველთა ოდენობის ისტორიული მინიმუმი - 14.7% დაფიქსირდა, ახალი ზელანდიის მთავრობა 2025 წლისთვის ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის 0%-მდე შემცირებას გეგმავს.

ამ მიზნის მიღწევაში კი მნიშვნელოვანი როლი ალტერნატიულ მოწყობილობებს ეკისრება. ერთ-ერთი კვლევისთანახმად,2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენდა.

პროგრესი კაცობრიობის თანმდევი პროცესია, გლობალური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით კი საჭიროა მთავრობების, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და კორპორაციების თანამშრომლობა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკეთესი და ჯანსაღი მომავლის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები