კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა ბლოკჩეინ ხიდიდან, სახელწოდებით Harmony Horizon, თითქმის 100 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.
ბლოკჩეინ ხიდები დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში აქტიურად გამოყენებადი ინსტრუმენტებია. მათი საშუალებით ავტომატიზებული პლატფორმები და ინდივიდუალური მომხმარებლები სხვადასხვა, პარალელური ბლოკჩეინებიდან კრიპტოვალუტების და ციფრული აქტივების გადატანის შესაძლებლობას იღებენ. ასეთი პლატფორმები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება Binance-ისა და Solana-ს ბლოკჩეინებიდან აქტივების Ethereum-ზე გადატანის პროცესში.
კიბერშეტევის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ჰაკერებმა Horizon-ის სისტემასა და კოდში გარკვეული „გარღვევა“ აღმოაჩინეს და შემდგომ ის კრიპტოაქტივების მოსაპარად გამოიყენეს.
კომპანია Harmony-ს განცხადებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე მიეწოდათ და მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია.
შეძლებენ თუ არა სამართალდამცავებით მოპარული კრიპტოვალუტის ამოღებას და კომპანიის წარმომადგენლები Horizon-ის მომხმარებლებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ჯერჯერობით უცნობია.