ჰარვარდის მკვლევარები აცხადებენ, რომ სოციალური დისტანცირება შესაძლებელია, 2022 წლამდე გახდეს საჭირო, COVID-19-ის შესაჩერებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც მკლევარები აცხადებენ, სოციალური დისტანცირების ზომების ერთბაშად შემცირებამ შესაძლებელია გაზარდოს ეპიდემიის პიკი და პოტენციურად უფრო გაართულოს მდგომარეობა. ამასთან, ჯერ არ არის პასუხები ისეთ კითხვებზე როგორიცაა, რამდენად არის დამოკიდებული ვირუსი სეზონურობაზე და ასევე, აქვს თუ არა ადამიანს იმუნიტეტი ინფექციის გადატანის შემდეგ.
ჰარვარდის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება საჭირო გადხეს სოციალური დისტანცირების ღონისძიებების გატარება 2022 წლამდე, იმ შემთხვევაში თუ არ გაიზრდება საავადმყოფოების შესაძლებლობები, ან არ შეიქმნება ეფექტური ვაქცინა.
გამოცემა წერს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ არაერთ ქვეყანაში წამოჭრა ეკონომიკური პრობლემები, რადგან მილიონობით ადამიანი ვერ ახერხებს მუშაობას. აშშ-ს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მაისიდან ამერიკა ნელ-ნელა მოხსნის შეზღუდვებს.