მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა - სამინისტრო

632dd5011df0e
BM.GE
23.09.22 20:35
695
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველად აშშ-ის ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა.

მათი ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სწორედ ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალებზე ისაუბრეს. როგორც ცნობილი გახდა, საუბარი ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსის ამოქმედებაზე იყო.

"შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა ვაკრო და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების
მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საუბარი ასევე შეეხო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსის ამოქმედებას, რომელიც მსურველებს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. მინისტრის თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების მიმართულებით.

თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს პირადად მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი
თანამშრომლობისთვის და განაცხადეს, რომ დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში
ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების მიმართულებით. ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას", - წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები