მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Honda, 2025 წლისთვის, ელექტრომოტოციკლის ათი მოდელის წარდგენას გეგმავს

632af2d61a5b1
გიორგი არონია
22.09.22 00:15
330

გასულ კვირას მოხდა ის, რასაც მოტოსპორტისა და ტექნოლოგიების მოყვარულები დიდხანს ელოდნენ. მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა იაპონურმა Honda-მ განაცხადა, რომ კომპანიის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლისთვის, ელექტრომოტოციკლების სულმცირე ათ მოდელს გამოუშვებს.

„Honda მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც ინდუსტრიის ლიდერად ნახშირბადის ნეიტრალიტეტის ეპოქაშიც დარჩება. ამისთვის, კომპანია ელექტრო მოტოციკლებს „მართვის სიამოვნების“ შეგრძნებას შეუნარჩუნებს, ხოლო მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრიფიცირებული მოდელების თავსებადობაზე დაფუძნებულ პროდუქტებს შესთავაზებს“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


ფოტო: Honda

როგორც ირკვევა, Honda-ს პირველი თაობის ელექტრო მოტოციკლების უმეტესობა ძირითადად აზიური და ევროპული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და არა ჩრდილოეთ ამერიკისთვის. ამასთანავე, Honda-სგან არც განსაკუთრებულად მძლავრი ელექტრო მოტოციკლების შექმნას უნდა ველოდოთ, რადგან, როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს, ახალი მოდელების უმრავლესობა მოპედის ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ Honda-ს მიერ მოპედის ტიპის ელექტრო მოტოციკლების გამოშვება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან სწორედ ამ ტიპის ტრანსპორტია ის, რომელსაც აზიისა და ევროპის ქალაქებში ყველაზე ხშირად იყენებენ და როგორც ჩანს, Honda-ს სწორედ ამ ბაზრების ათვისება სურს.

მოპედებთან ერთად, Honda შედარებით დიდი ზომის EV-მოტოციკლების გამოშვებასაც გეგმავს, რომლებიც, დიდი ალბათობით, იაპონური კომპანიის ახალი პლატფორმის – FUN-ის ბაზაზე შეიქმნება. ამასთანავე, სავარაუდოდ Honda საბავშვო მოტოციკლების გამოშვებასაც დაიწყებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ელექტრო მოტოციკლების წარმოების პარალელურად, იაპონური გიგანტი შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოების შეწყვეტას არ აპირებს, პირიქით – Honda-ს ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობის გაზრდა სურს. საინტერესოა, რომ Honda-ს ეს გადაწყვეტილებები კომპანიის გაცხადებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2040 წლისთვის, მოტოციკლების ბიზნესის ნახშირბად ნეიტრალურად გადაქცევას მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები