ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ი ფართოვდება. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ მიაწოდა.
როგორც ნიბლაძე აცხადებს, ტერიტორიის გაფართოებაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება განიხილება. თუმცა ნიბლაძე იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფოსთან არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით, გაფართოების შემდეგ ჰუალინგის ქუთაისის თიზი დამატებით 35 მლნ აშშ დოლარის საწარმოო პროექტების ინვესტიციას მოიზიდავს.
“მივედით იმ დასკვნამდე რომ მომწიფდა დრო იმისთვის, რომ გავაფართოოთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. უკვე დავიწყეთ პროცედურები, დაახლოებით 4-5 თვეა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია გვაქვს, რომლის შედეგადაც 2-3 თვეში გვექნება გაფართოებული ტერიტორია. თიზ-ის ტერიტორია აქამდე იყო 36 ჰექტარი იყო, ახლა იქნება 58 ჰექტარი. ეს გულისხმობს, გაფართოებასთან ერთად დამატებით კომფორტს და ინფრასტრუქტურას ინვესტორებისთვის, ასევე ინდუსტრიული დანიშნულების უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც კომპანიები თავიანთი საწარმოო პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, თუმცა მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთვალდებულებათა ხელშეკრულების გათვალისწინებით მოიზიდავს დამატებით დაახლოებით 35 მლნ დოლარის საწარმოო პროექტებს", - აცხადებს ჰუალინგის ქუთაისის თიზის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში 80-ზე მეტი კომპანია ოპერირებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ვაჭრობის ინდუსტრიაშია ჩართული.