მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰუალინგს" სასტუმროს გასახსნელად ვადა გაუხანგრძლივეს - რა პირობები წაუყენა მთავრობამ კომპანიას?

5e03243e02b0b
BM.GE
25.12.19 12:55
1077
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს გასახსნელად “ჰუალინგს” ვადა გაუხანგრძლივეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ინფორმაცია bm.ge-ს ქონების ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

შედეგად, „Hualing International“ - მა თბილისში, ჭანტურიას ქ. #12 შენობა-ნაგებობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდე იმ პირობით უნდა დაასრულოს, რომ ცვლილების ამოქმედებიდან პროექტის დასრულებამდე პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ნაცვლად 1 ლარამდე შემცირდება.

კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან სასტუმროდ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება 2019 წლის 26 ნოემბერს შეძლო. აღნიშნული ბრძანებით, შეთანხმებული მშენებლობის ნებართვის ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2023 წლის 26 ოქტომბერი.

უწყება აღნიშნავს, რომ თუკი პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდეც არ იქნება დასრულებული, შემცირებული პირგასამტეხლოს პირობა გაუქმდება და კვლავ 500 ლარი გახდება.

"ამავე დროს, ცვლილება არ შეეხება მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის # 2545 განკარგულების ამოქმედებამდე წარმოქმნილ პირგასამტეხლოს. კომპანიას, გონივრულ ვადაში, მოუწევს იმ პირგასამტეხლოს გადახდაც, რომელიც მას 2015 წლის 21 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოექმნა",- ნათქვამია განცხადებაში. 

"ჰუალინგ ჯგუფი", რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 21 აპრილიდან იხდის ჯარიმებს. ჯარიმის სახით კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დღეში, 500 ლარის ოდენობით ერიცხება.

ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგარამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა. ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. "ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა.

როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები