"აგრო დიზელის ინიციატივა ეს არის სპეციალური შეღავათიანი ფასით დიზელის შეძენის შესაძლებლობა ჩვენი ფერმერებისთვის", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის - „სოფელზე ზრუნვის“ პაკეტის წარდგენისას განაცხადა.
მან დეტალურად განმარტა ის პირობები, რომლის მიხედვითაც, ფერმერები საწვავის იაფად შესყიდვას შეძლებენ, თუმცა დახმარების პაკეტი მიწის ფართოების მიხედვით ლიმიტირებული იქნება.
„აგრო დიზელის ინიციატივა ეს არის სპეციალური შეღავათიანი ფასით დიზელის შეძენის შესაძლებლობა ჩვენი ფერმერებისთვის. აქ ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ერთ ფერმერს წლის განმავლობაში 1 ჰა-ზე, დაახლოებით, 150 ლიტრის საწვავი სჭირდება. ჩვენ მსხვილ - 100 ჰა-ს მფლობელ ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, ოღონდ არა უმეტეს 100 ჰა-ზე ანუ მათთვის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 15 000 ლიტრი დიზელის საწვავი.
თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ დღეს გასამართ სადგურებში არსებულ ფასთან შედარებით დიზელის შეთავაზებული ფასი თითქმის 1 ლარით განსხვავდება, მივიღებთ, რომ თითქმის 15 000 ლარიანი შეღავათია 100 ჰექტრიანი მსხვილი მეურნეობისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია იგივე 10 ჰა-იანი მეურნეობისთვის, რომლის შეღავათი 1 500 ლარი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინიციტივა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის და მისი პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.
"სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი. ჩვენ ამ დეტალებზე დიდი ხანი ვმსჯელობდით და მოვახდინეთ პირობებზე მოლაპარაკება საწვავის მსხვილ მომწოდებლებთან, რაზეც უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია. ამ პროექტით სარგებლობას ჩვენი ფერმერები 20 მაისიდან შეძლებენ. საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებში რეესტრიდან მათ შეუძლიათ მიიღონ სპეციალური ამონაბეჭდი, რომლის ელექტრონული პროგრამა სამინისტროს მიერ უკვე მომზადდა“, - თქვა მინისტრმა.