ძალიან ბევრ კომპანიას გაუჭირდება, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც - ასე აფასებს პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიების მდგომარეობას სარემონტო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ზოდის“ დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე.
ის მიჩნევს, რომ ის შეღავათები რაც სახელმწიფომ კერძო სექტორს გაუკეთა მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნესისთვის ახლა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს, რათა კომპანიები გადარჩნენ. ამაში კი მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
„სახელმწიფო აუციელბლად უნდა დაეხმაროს კომპანიებს უფრო იაფი ფულის მიღებაში. ვიცით რომ გარანტორი იქნება კომპანიების ბანკეთან მიმართებაში, ესეც კარგია, მაგრამ იაფი ფული გვჭირდება ახლა ჩვენ.
მე ვშიშობ, რომ შეიძლება მივიღოთ ასეთი სურათი - ბანკი ყოველთვის აზღვევს რისკებს და ერთი მხარე არის რისკის უზრუნველყოფა ქონებით, მეორე - სესხით და ბანკი იქცევა შემდეგნაირად, მაგალითისთვის თუ ჩემს პარტნიორს პრობლემა აქვს, იმას მე ვუმსუბუქებ გადასახადს, მაგრამ ბანკი, სავარაუდოდ, პირიქით გააკეთებს და მოუმატებს პროცენტს. აქ გვინდა რომ სახელმწიფომ გვიშუამდგომლოს და კი არ გაიზარდოს პროცენტები, არამედ შემცირდეს.
აუცილებლად დაგვჭირდება ახალი სახსრების მოძიება. ჩვენგან, ამოქმედების შემდეგ დავალიანების მიღებას ბევრი უცხოელი პარტნიორი ელოდება, რითიც ფუჭდება როგორც მათი საქმე, ასევე ურთიერთობა. ამიტომ გვჭირდება იაფი ფინანსური სახსრები, რაშიც სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს ბანკებთან შუამდგომლობით.
ძალიან ბევრ კომპანიას გაუჭირდება, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც და ყოველი გაჩერებული კომპანია არის დანაკლისი, როგორც კომპანიისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ზაურ გაბაიძე.