მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იანვრიდან საკლუბო სცენა არ გვექნება... ამას საერთაშორისო ამბად ვაქცევთ“ - დავით ლეჟავა

61c5cbf8eee1b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 17:40
1997
ამ დროისთვის შრომის ინსპექცია თბილისის მასშტაბით რამდენიმე ღამის კლუბს ლუქავს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბების ხელმძღვანელები ფეისბუქის პირად გვერდებზე ავრცელებენ. შრომის ინსპექციის, პოლიციისა და კლუბების წარმომადგენლების ნაწილი „ბასიანთანაა" მობილიზებული და დალუქვის პროცესს აპროტესტებენ.

BM.GE-სთან საუბრისას საღამოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირის (Art4culture) ხელმძღვანელი, რომელიც ადგილზე იმყოფება აცხადებს, რომ ამ პირობებში საქართველოში საკლუბო სცენა იანვრიდან აღარ იარსებებს. მისი თქმით, კლუბების ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა მათი გახსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მომხდარიყო.

„ბასიანთან მობილიზებულია პოლიცია და შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ისინი 322-ე დადგენილების მეხუთე მუხლით ხელმძღვანელობენ, რაც მასიური ღონისძიების ორგანიზებას კრძალავს. ეს მუხლი ბუნდოვანი და ერთფრაზიანია... არ ითვალისწინებენ არაფერს, მათი მხრიდან აღმართულია კედელი, ჩართული აქვთ კამერები... წინასწარ ვამბობ, რომ იანვრიდან საკლუბო სცენა არ გვექნება. ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაციას აზრი არ აქვს, თვეების განმავლობაში, შემოსავლის გარეშე ღამეები ვათენეთ, რათა კლუბების ამოქმედება უსაფრთხოდ შეგვძლებოდა, ოჯახები მივატოვეთ კლუბების გადარჩენისთვის და ეს შედეგი მივიღეთ“, - ამბობს ლეჟავა.

Art4culture-ს ხელმძღვანელი კლუბების მიმართ სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მომავალში საერთაშორისო დონის ამბად იქცევა.

„ყველა კლუბის მიმართ ეს მდგომარეობაა, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა, იმის გათვალისწინებით რომ ამის საპირწონედ ტარდება მასიური ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ კვლევა, მივაღწიეთ შეთანხმებას და ბოლო მომენტში... ეს გახდება საერთაშორისო დონის, სასირცხვილო ამბავი, განსაკუთრებით თბილისისთვის. ეს სამარცხვინო აქტია.

გავაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ადამიანები ვართ და ვაპირებთ, როგორც შეგვეძლება, ყველა სახის პროტესტი გამოვხატოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. სიმართლე ჩვენს მხარეს არის, თუ დაგვიჭერენ, დაგვიჭირონ... კლუბები ღონისძიებების ჩატარებას ძალიან შემცირებული რაოდენობის ფარგლებში გეგმავდნენ, იმაზე მეტი ვიდრე ქუჩაში ხალხი დადის... ამ ამბავს საერთაშორისო ამბად ვაქცევთ“, - უთხრა BM.GE-ის ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები