მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად - იაპონიის მთავრობა თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაიზრდება, რაც NATO-ს სტანდარტია. ახალი სტრატეგიის ფარგლებში, 2027 წლამდე იაპონია თავდაცვაზე 320 მილიარდ დოლარს დახარჯავს, წლიური ბიუჯეტის მოცულობა კი 73 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მსოფლიოში რიგით მესამე უმსხვილესი მაჩვენებელი იქნება - აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.
ხუთწლიანი სტრატეგია სარაკეტო სისტემების განვითარებაზე 37 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, აგრეთვე დაგეგმილია საზღვაო და საჰაერო შეიარაღების მნიშვნელოვანი გაძლიერებაც.
მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამ, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია ვრცელდება, კარდინალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგი;
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა კი იაპონიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს; აგრეთვე მნიშვნელოვნად იზრდება ჩინეთი-ტაივანის დაპირისპირებისა და კონფლიქტში აშშ-ის ჩართვის რისკებიც, რის გამოც იაპონია იძულებულია, ეროვნული უსაფრთხოება უმთავრეს პრიორიტეტულ საკითხად აქციოს და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორჯერ მეტი თანხა დახარჯოს.