მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

648ffb9054585
თამთა ჯიჯავაძე
19.06.23 10:51
2384
იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ პირველი მიმართვა უკვე გაავრცელა.

"ელჩის პოზიციაზე დანიშვნით, დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში და აეროპორტში თბილი მიღებით კარგად მივხვდი, თუ რატომ ირჩევს მრავალი ტურისტი სწორედ საქართველოს.

საქართველოში ტოკიოდან ჩამოვფრინდი ევრაზიის კონტინენტის თავზე გადაფრენით. გზად წიგნის კითხვისას, ღრმად შთამაგონა კავკასიის უძველესმა ისტორიამ, რომელიც აღმოცენდა სამი რეგიონის - აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გადაკვეთაზე. დიდი სურვილი მაქვს მაქსიმალური ძალისხმევა გავწიო რათა კიდევ უფრო გავაღრმავო იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ახალი განზომილება შევმატო ჩვენს ორმხრივ მეგობრობას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა ამ პროცესში და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის.

იაპონიის საელჩოს აკისრია მნიშვნელოვანი მისია - სათანადოდ ემსახუროს საქართველოში მცხოვრებ იაპონიის მოქალაქეებსა და კომპანიებს, გაწიოს საკონსულო მომსახურება და გასცეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებზე, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო მიმოსვლას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.

როგორც იცით, საქართველომ გადალახა კოვიდ პანდემიით გამოწვეული ზიანი და მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ბოლო ორი წლის განმავლობაში. მზარდია საერთაშორისო ინტერესი ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო კორიდორის სისტემაზე. ამავდროულად, იაპონიაში უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება და მთლიანობაში, საქართველოს კულტურა.

2022-2023 წლებში აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რასაც მრავალი ღონისძიება და მაღალი რანგის ვიზიტი მიეძღვნა. პარტნიორების მხარდაჭერით, იაპონური კულტურის მიმართ საქართველოში ინტერესი გაიზარდა და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დავინიშნო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ამ პერიოდში. არ დავიშურებ ძალისხმევას სათანადოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები და ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად შევუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის", - წერია ახალი ელჩის მიმართვაში.

ახალი ელჩი აკირა იმამურას ჩაანაცვლებს. აკირა იმამურა საქართველოში იაპონიის ელჩის პოზიციას 2020 წლის ბოლოდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები