სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არ ამკაცრებს და ძირითად განაკვეთს ისევ უცვლელად, -0.1%-იან ნიშნულზე ტოვებს.
ბანკის ხელმძღვანელის, კაზუო უედას განცხადებით, უახლოეს განჭვრეტად მომავალში მონეტარული პოლიტიკის გადახედვა არ არის დაგეგმილი და მაღალი შანსია იმისა, რომ განაკვეთი კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზეც უცვლელად დარჩება.
უედას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციების და ობლიგაციების შესყიდვების სტრატეგიას გამოიყენებს, რათა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი შენელდეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით 11%-ით გაუფასურდა, რაც ცენტრალური ბანკის უმოქმედობითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკები განაკვეთებს რეკორდული ტემპით ზრდიან.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და რეცესიული რისკების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორებისათვის იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.