მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ეკონომიკა მოულოდნელად შემცირდა

6373a5da68644
გიორგი თოლორდავა
15.11.22 19:00
688
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა, რაც ეკონომისტებისა და ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყო.

მეორე კვარტალთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირების მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს. ცნობისთვის, ანალიტიკოსები მესამე კვარტალში ეკონომიკის 1.1%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ეკონომიკის მოულოდნელი შემცირება ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი სამომხმარებლო ფასებითა და რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, ამწვავებს იაპონიის ცენტრალური ბანკის უმოქმედობა და უჩვეულო მონეტარული პოლიტიკა.

ცნობისთვის, ერთწლიან ჭრილში იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 30%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების სტრატეგია აირჩია. ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე თითქმის 43 მილიარდი დოლარი დახარჯა, რითაც ეროვნული ვალუტის მხოლოდ 1.5%-ით გამყარება მოახერხა.

მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების მიუხედავად, გასულ თვეს იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ უცვლელად დატოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ ნეგატიურ, -0.1%-იან ნიშნულზე დარჩა. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად 3%-იანი ინფლაციისა, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები