რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აშშ-ის სანქციების შემდეგ, იაპონიის სამი უმსხვილესი ბანკი რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს და ფულად გზავნილებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Sberbank-ი სანქცირებულთა სიაში თებერვალში დაამატა, მასთან დოლარის ტრანზაქციების აკრძალვა ძალაში შაბათს შევა.
MUFG Bank, Mizuho Bank და Sumitomo Mitsui Banking Corp - აღნიშნული იაპონური ბანკები დოლარის ტრანზაქციებს რუსეთთან აშშ-ის გავლით ახორციელებდნენ. ახლა კი იმ კომპანიებს, რომლებსაც ბიზნესს რუსეთში აქვთ, მოუწევთ ალტერატიული გზების მოძებნა, რათა გადახდები შესრულდეს, მათ შორის არაამერიკული ბანკების გამოყენება, და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Sberbank-ი იმ რუსულ ბანკებს შორის არ არის, რომლებიც თვის დასაწყისში SWIFT -დან იყვნენ გარიცხული.
სამ იაპონურ ბანკს უკვე შეჩერებული აქვს ტრანზაქციები სხვა მსხვილ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკთან VTB Bank-თან, რომელიც SWIFT-დან 12 მარტს გათიშეს.