მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური ბაღების ნაცვლად მწვანე მდელოები - იპოდრომის პარკის პროექტი შეიცვალა

62d9635008798
ნინი ლონგურაშვილი
22.07.22 00:00
11360
იპოდრომზე საქალაქო პარკის მოწყობაზე პროექტირება კიდევ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კახა კალაძემ დაუდასტურა. თბილისის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის საბოლოო დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

BMG-ის კითხვაზე, რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე პროექტზე მუშაობა, თბილისის მერი გვპასუხობს, რომ პროექტში ცვლილებები შევიდა, რის გამოც პარკის მოწყობის სამუშაოებმა გადაიწია.

"პროექტში განხორციელდა ცვლილებები, თქვენ იცით, რომ საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე ყოფილიყო და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტში ამ ყველაფრის გათვალისწინება ხდება. თავდაპირველი პროექტით საუბარი იყო იაპონურ ბაღზე, ფრანგულ ბაღზე. ამ სივრცეების ნაცვლად გაკეთდება ჩვეულებრივი მწვანე მდელო, ასევე, გაკეთდება საპიკნიკე ზონები, სადაც ადამიანებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.” - ამბობს კახა კალაძე.

BMG ასევე დაინტერესდა, სამუშაოების დაწყების ვადებით. როგორც თბილისის მერი ამბობს, ადგილზე პარკის მოწყობის სამუშაოები ერთ თვეში უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე. ამ ეტაპზე იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, პროექტი, რომელიც ჰოლანდიურმა კომპანიამ შეიმუშავა, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას გულისხმობს, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები