მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC-ის მიერ პუტინზე ძებნის გამოცხადების შესახებ ევროკავშირის განცხადება უნგრეთმა დაბლოკა - Bloomberg

641aea75275f3
გიორგი არონია
22.03.23 15:49
713

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე ძებნის გამოცხადების შესახებ ევროკავშირის საერთო განცხადება უნგრეთმა დაბლოკა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანების ქვეყნებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ვლადიმირ პუტინზე ძებნის გამოცხადებას, წინა კვირას, გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირი უყურებს, როგორც დასაწყისს იმ პროცესისა, რომლითაც რუსეთის ლიდერები პასუხს აგებენ იმ დანაშაულებზე და სისასტიკეზე, რომელსაც გასცემენ, შესაძლებელს ხდიან ან თავად ახორციელებენ უკრაინაში”, - ვკითხულობთ ჯოზეფ ბორელის მიერ, კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, 20 მარტს, ევროკავშირის წევრი ოცდაექვსი სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრებმა ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უნგრეთის მინისტრმა ხელი არ მოაწერა.

ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობას მალევე გამოეხმაურა ოფიციალური ბუდაპეშტი, რომლის თქმით, ვეტოს შესახებ ინფორმაცია - სიცრუეა. “ტყუილია, რომ ICC-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო”, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მატე პაცზოლაიმ Bloomberg-თან საუბრისას. “სიმართლე კი ისაა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აცნობიერებს, მაგრამ მისი ყოველგვარი კომენტირებისგან თავს იკავებს”.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ 17 მარტს გასცა. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები